ცხოვრება პოკერამდე: რობერტო რომანელოს ისტორია
რობერტო რომანელო ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა, ვინც მილიონობით ენთუზიასტს წარმატების მოპოვების იმედს და მოტივაციას აძლევს. პოკერის მოთამაშის კარიერამდე კი ყველაფერი სხვანაირად იყო - ის მომსახურების სფეროში, კერძოდ, რესტორნების ბიზნესში იყო ჩართული.
"ვფიქრობ, ყველაფერი ჩემი მშობლების და მათი აღზრდის ბრალია, - ყვება ბრიტანელი მოთამაშე, - ბაბუაჩემმა გაჭირვებას ვეღარ გაუძლო და მისი ოჯახი იტალიიდან უელსში ჩამოიყვანა. მამაჩემი ნაყინის გამყიდველად მუშაობდა, კვირაში £3 ფუნტის სანაცვლოდ, შემდეგ კი ფერმაში სამუშაოდ წავიდა. ძალიან მძიმე შრომა უწევდათ, მაგრამ გარკვეული კაპიტალის დაგროვების შემდეგ, კაფე იქირავეს და წარმატებაც ნელ-ნელა მოვიდა."
მძიმე შრომისა და სხვადასხვა კაფეების ქირაობის შემდეგ, პირველი თევზის რესტორანიც გახსნეს. ეს ყველაფერი 45 წლის წინ ხდებოდა.
"მეც და ჩემი 3 ძმა საოჯახო ბიზნესში ვიყავით ჩაბმულები. შრომისმოყვარეობა არცერთს გვაკლდა. მამაჩემმა ბიზნესის გაფართოება ახალ-ახალი რესტორნების შესყიდვით მოახერხა. სწორედ რესტორნებში ადამიანებთან ურთიერთობამ მასწავლა ის, რასაც შემდგომში პოკერის მაგიდებთან ვიყენებდი. თუ ასეთი სახის ბიზნესს ფლობ, კლიენტებთან და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც კომუნიკაციის დამყარებისა და ინფორმაციის მიღების უნარის ჩამოყალიბებაში დამეხმარა. პოკერის მაგიდებთან, თავიდან, სუსტ მოთამაშეებს ბევრს ველაპარაკებოდი და მათგან ღირებულ და გამოსადეგ ინფორმაციას ვიღებდი."
როცა რესტორანს დახურავდნენ, ძმები პატარა პოკერის სით'ენ'გოუ ტურნირებს აწყობდნენ, სადაც მეგობრებს პატიჟებდნენ. რობერტ რომანელო მეგობრებისგან შემდგარ ლაინ-აფს სრულად ანადგურებდა და £100-200 ფუნტს იგებდა ხოლმე. ერთხელაც მას £100 ფუნტიან ტურნირში მონაწილეობა შესთავაზეს: "იმ მომენტამდე არასდროს დავსწრებივარ ნამდვილ ტურნირს, სადაც დილერები და უცხო მოთამაშეები იყვნენ. პირველად, კინაღამ ჩავისვარე: ასაკოვანი გემბლერები გაცილებით თავდაჯერებულები იყვნენ, ვიდრე ჩემი მეგობრები, ვისთან თამაშსაც მიჩვეული ვიყავი. პირველ ტურნირზე ძალიან დაძაბული ვიყავი, მაგრამ მეორეზე ყველაფერი შეიცვალა. ნელ-ნელა ტურნირების მოგება დავიწყე. სახლში £1.000-£1.500 ფუნტით გამდიდრებული ვბრუნდებოდი ხოლმე."
როცა პოკერს სატელევიზიო ეთერები დაეთმო, რომანელოს საშუალება მიეცა დიდი მოთამაშეები ენახა. მან გაიაზრა, რომ პოკერში საუკეთესო არავინ იყო, რომ ყველა ლეგენდა უშვებდა შეცდომას. "საკუთარ ძალებში ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი. ერთხელ, მახსოვს, WSOP-ზე ელი ელეზრას თამაშს ვუყურებდი, რომელსაც მაგიდაზე დიდი სტეკი ჰქონდა. მაშინაც კი ვეუბნებოდი საკუთარ თავს, რომ მასზე უკეთესად შემეძლო თამაში."
რომანელომ Welsh Masters-ის საპრიზო ადგილზე გასვლა შეძლო და ლას ვეგასში გაემგზავრა, WSOP Main Event-ის სათამაშოდ, სადაც ასევე საპრიზო ადგილი აიღო. ამის შემდეგ სახლში დაბრუნდა და EPT-ის დაპყრობა გადაწყვიტა. "EPT-ის სათამაშოდ ბარსელონაში ჩავედი. სალაროსთან მივედი და კაზინოს თანამშრომელს ვუთხარი, რომ მეინ ივენთის თამაში მინდოდა. როგორც გაირკვა, ადგილები დაკავებული იყო და 70 კაციან რიგში დგომა მომიწევდა. ძალიან გაბრაზებული ვიყავი. მეინ ივენთის სათამაშოდ წავედი და ვერ მივუსწარი. მივხვდი, რომ ახალი ტურნირი უნდა მომეძებნა."
იმ მომენტისთვის, რობერტო რომანელომ არ იცოდა, რომ ტურნირი, რომლის თამაშსაც აპირებდა, მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა.
ისტორიის გაგრძელება იხილეთ შემდეგ გამოშვებაში.