პოკერის ერთა ლიგა ქალების მხარდასაჭერად
პოკერის ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ტურნირებზე ქალების დაბალი დასწრებაა. განსაკუთრებით, საქმე ლაივ ტურნირებს ეხებათ, სადაც ქალები მთლიანი ფილდის მხოლოდ 5%-ს შეადგენენ.
მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა აშკარაა, მისი გადაჭრის გზები არც ისე ნათელია. Poker League Of Nations (PLON) - პოკერის ერთა ლიგა ლენა ევანსისა და მორინ ბლოშლინგერის მიერ დაარსებული ორგანიზაციაა. "ჩვენ ერთადერთი ორგანიზაცია ვართ, ვინც რეალურად ცდილობს თამაშში მეტი ქალის ჩართვაზე, - ყვება ლენა ევანსი, - ჩვენ ამას არამხოლოდ პოკერის ტურნირების გაძღოლით, არამედ ლაივ ტურნირებზე მეტი ქალის დარეგისტრირებით ვცდილობთ."
ევანსისა და ბლოშლინგერის მიზანდასახულობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ თუ აპრილში PLON-ს 300 წევრი ჰყავდა, ახლა ორგანიზაცია 25 ქვეყნის 3.000-ზე მეტ წარმომადგენელს ითვლის.
იმისთვის, რომ პრობლემის გადაჭრის გზებს მივაგნოთ, პირველ რიგში, საჭიროა ამ პრობლემების გამომწვევი მიზეზები ვიცოდეთ. ტურნირებზე ქალთა დასწრების დაბალი მაჩვენებელი სხვადასხვა სოციალური ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული - სათამაშო მაგიდებთან ქალების მიუღებლობით დაწყებული, საოჯახო საქმეებით დასრულებული. PLON-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საშუალო და მაღალი ბაი-ინის ტურნირებზე დაუსწრებლობის მიზეზად ქალები ფინანსურ უსახსრობას ასახელებენ. "ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ პოკერში ქალების ჩავარდნის მთავარი არა გარემო ან დისკრიმინაცია, არამედ ბანკროლია" - ამბობს ლენა ევანსი.
ფინანსური პრობლემის მოგვარება არცისე ადვილია, მაგრამ PLON-ის მესვეურებმა ამისთვისაც მოძებნეს გზა. მიუხედავად იმისა, რომ ათასობით და ათიათასობით დოლარის ტურნირში გადახდა ყველას უჭირს, აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ასეული დოლარის გარისკვას ქალები გაცილებით მარტივად ახერხებენ. სწორედ ამიტომ, PLON-ის ძირითადი ამოცანა სატელიტი ტურნირების შექმნაა, რომლებზე დასწრებაც ქალებს გაცილებით იაფად შეეძლებათ. სატელიტები კი დიდ ტურნირზე მოხვედრის პირდაპირი გზაა. რაც ყველაზე მთავარია, PLON-ის სატელიტების სისტემა ისეა შემუშავებული, რომ თუ სატელიტის გამარჯვებული მთავარ ტურნირზე ფულში ღრმად შესვლას ახერხებს, მოგების გარკვეული ნაწილი ისევ PLON-ის ფონდში ხვდება, რაც დამატებითი ტურნირების ორგანიზებისა და მეტი ქალის წახალისების საშუალებას იძლევა.
გარდა სატელიტი ტურნირებისა, PLON-ს სპეციალური ფონდიც აქვს, რომელიც მოთამაშეების დასპონსორებასა და ტურნირების ბაი-ინების გადახდას ისახავს მიზნად.