ფილ ლააკი და მის მიერ გამოგონილი ტერმინის ისტორია

მასთან საუბრისას, ჟურნალისტებსა და მოთამაშეებს ხშირად უჩნდებათ კითხვა: გიჟი და შეურაცხადია, თუ გენიოსი, რომლისაც არავის ესმის? შეიძლება ითქვას, რომ ფილ ლააკისთვის ორივე დეფინიცია ზედგამოჭრილია. 

ირლანდიური წარმოშობის ამერიკელმა მოთამაშემ სახელი WPT-ზე გაითქვა, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ ტურნირზე კაპიუშონითა და სათვალით 'შეიარაღებული', Unabomber-ის მეტსახელით გამოვიდა. მოგვიანებით, WPT-ზე წარმატებულ თამაშს, High Stakes Poker და Poker After Dark-ის სატელევიზიო გადაცემები დაემატა, რამაც ის პოკერის სუპერვარსკვლავად აქცია. 

ლააკის ოფიციალური კარიერული მოგება $3.7 მილიონ დოლარს ითვლის. ის იმ ტიპის მოთამაშეებს არ მიეკუთვნება, რამდენიმე მილიონს ერთ ტურნირზე რომ მოიგებენ და თამაშს სამუდამოდ ტოვებენ - $3.7 მილიონიანი შემოსავალი განსაკუთრებულ აღნიშვნას იმ მიზეზით იმსახურებს, რომ ლააკის ყველაზე დიდი ერთჯერადი ანაზღაურება $265.290 დოლარია. აშკარაა, რომ მას ასეულობით ტურნირის მოგება დასჭირდებოდა, რათა თითქმის $4 მილიონი დოლარი გამოემუშავებინა. რა თქმა უნდა, ლააკის მიერ ქეშ-გეიმებზე მოგებული თანხა, რომელსაც არცერთი ორგანიზაცია ან გამოცემა არ აღწერს, უცნობია. 

ფილ ლააკი იმითაც გახდა ცნობილი, რომ 2010 წელს 115 საათი პოკერის მაგიდასთან გაატარა და 5 დღიანი მარათონული ქეშ-გეიმ სესიით გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. კიდევ ერთი მიზეზი, რითიც ლააკმა პოპულარობა მოიპოვა, მის მიერ გამოგონილი პოკერის ტერმინია - Felted (მოთელილი, მოცელილი). პოკერის ინგლისურენოვან სამყაროში სიტყვას დაახლოებით ისეთი სიხშირით იყენებენ, როგორც, მაგალითად, ფლოპს, დილერს, ბაბლს და ა.შ. Felted გულისხმობს გაკოტრებას, ბანკროლის დაკარგვას, ტურნირიდან გამოვარდნას, ქეშ-გეიმზე განოლებას. 

"ტერმინი გამოგონებიდან 6 თვის შემდეგ საკმაოდ გავრცელებული იყო, - ყვება ლააკი, - ყოველ შემთხვევაში, იმ მხარეებში, სადაც მე ვთამაშობდი. დეტალურად მახსოვს, როგორ გამოვიყენე საუბრისას სიტყვა Felted, როდესაც მაგიდიდან ერთი ტიპი გავარდა. მაშინვე ვიცოდი, რომ ტერმინი ფეხს მოიკიდებდა და პოკერის ლექსიკონში მოხვდებოდა. მაშინ თამაშში აქტიურად ვიყავი ჩართული. თუ მაგიდასთან კვირაში მხოლოდ 4 დღეს გავატარებდი, ნიშნავდა, რომ რომელიმე მეგობრის ქორწილს, ან ვინმე მნიშვნელოვანი ადამიანის გასვენებას უნდა დავსწრებოდი. სხვა შემთხვევაში, გამუდმებით ვთამაშობდი. თუ ამ სიტყვას 500 წლის შემდეგაც გამოიყენებენ, გამოვა, რომ პოკერს რაღაც დავუტოვე."

უკანასკნელ დროს, ლააკი კამერების წინ აღარ ჩნდება. ამის მიზეზი ისაა, რომ ის პოკერისთვის ვეღარ იცლის. "სხვა ამბების მოგვარებას ვცდილობ, მაგრამ გემბლინგს ვუბრუნდები ხოლმე. სხვა ამბებში იმ საქმიანობას ვგულისხმობ, რასაც გაცილებით მოკლე დროში გაცილებით დიდი ფინანსური შემოსავალი მოაქვს. მაგრამ თამაში ძალიან მიყვარს და ამას ვერაფერს ვუხერხებ."

რუმები

ქართული უცხოური