დოილ ბრანსონი დენიელ ნეგრანუს მასტერკლასის გამო აკრიტიკებს
ცოტა ხნის წინს, დოილ ბრანსონმა საკუთარი სატურნირო კარიერის დასასრული გამოაცხადა და WSOP-ის უკანასკნელი ივენთი ითამაშა. ერთი ლეგენდის წასვლას, მეორის კიდევ უფრო გააქტიურება მოჰყვა - სწორედ ამ პერიოდში, დენიელ ნეგრანუ Masterclass-ის სერიებს შეუერთდა.
Masterclass ონლაინ ტუტორიალებისა და ლექციების სერიებია, რომლებშიც უამრავი ცნობილი და საკუთარ სფეროში წარმატებული ადამიანი იღებს მონაწილეობას. Masterclass-ის საშუალებით შეგიძლიათ მოუსმინოთ ლეგენდარულ გარი კასპაროვს, რომელიც ჭადრაკზე ისაუბრებს; თუ კინემატოგრაფია გაინტერესებთ, მარტინ სკორსეზე საკუთარ ხედვებს გაგაცნობთ; კალათბურთის მოყვარულებს სტივენ კარის ლექციები ელით; გორდონ რემზი თანამედროვე სამზარეულოზე და კულინარიის ახლებურ ტრენდებზე გააკეთებს აქცენტს... პროფესიონალთა საოცარ გუნდს დენიელ ნეგრანუც შეუერთდა, რომელიც, რა თქმა უნდა, პოკერზე ისაუბრებს.
როგორც PokerStars-ის სახე ამბობს, ის გაცილებით სიღრმისეულად განიხილავს პოკერის ტაქტიკასა და სხვადასხვა სტრატეგიას და მაყურებლებს დეტალურ ინფორმაციას გაუზიარებს. დოილ ბრანსონის კრიტიკაც სწორედ ამ სიახლეებისკენაა მიმართული: "დენიელ, შენ მსოფლიოში საუკეთესო ტურნირების მოთამაშე ხარ. რატომ ცდილობ ხალხისთვის განათლების მიცემას? - წერს საკუთარი 'ტვიტერის' გვერდზე ბრანსონი, - არ დაუშვა იგივე შეცდომა, რაც მე დავუშვი Super System-ის გამოშვებით!"
დოილ ბრანსონმა Super System 1979 წელს გამოსცა და ის მაშინვე ბესტსელერად იქცა. ვერ ნახავთ მსოფლიოში ვერცერთ ცნობილ მოთამაშეს, ვისაც ლეგენდარული ტეხასელი გემბლერის წიგნი არ აქვს წაკითხული. Super System-ს ხშირად 'პოკერის ბიბლიასაც' ეძახიან. თავად ნეგრანუ, წლების განმავლობაში, ხშირად ამბობდა, რომ ბრანსონის წიგნმა მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.