ბაიდენისა და ტრამპის პარალელურად ერთმანეთს დენიელ ნეგრანუ და დოილ ბრანსონი უპირისპირდებიან
დენიელ ნეგრანუს პოკერის სამყაროში ლიბერალური ფასეულობების დამცველად ხშირად მოიხსენიებენ. დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოთქმული კრიტიკითა და დამცინავი პოსტებით, დენიელ ნეგრანუ ხშირად მოხვედრილა მედიის ყურადღების ცენტრში. ამჯერად, PokerStars-ის სახემ გამოკითხვა გააკეთა: ვინ მოიგებდა ხელჩართულ ბრძოლას დონალდ ტრამპსა და ყოფილ ვიცე პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შორის?
საქმე ჯო ბაიდენის მიერ გამოთქმულ აზრს ეხება, როდესაც ის ტრამპს ფიზიკური კონფრონტაციით დაემუქრა. ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის დროს, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი გააკრიტიკა: "ადამიანი, ვინც ჩვენი ნაციონალური ლიდერი გახდა, ამბობდა, რომ ქალებს იქ მოკიდებდა ხელს, სადაც მოისურვებდა. ამის შემდეგ, როცა მკითხეს, მივიღებდი თუ არა მონაწილეობას ამ ჯენტლმენთან გამართულ დებატებში, მე უარი განვაცხადე. ნაცვლად ამისა, ჩვენ რომ სკოლაში ვსწავლობდეთ, მას სავარჯიშო დარბაზის უკან გავიყვანდი და კარგად ვცემდი."
მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ხუმრობას სიცილი და აპლოდისმენტები მოჰყვა, საკმაოდ უცნაურია ერთ-ერთი უმაღლესი რანგის პოლიტიკოსისგან მსგავსი განცხადების გაკეთება ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე. რა თქმა უნდა, პასუხი არც ტრამპმა დააგვიანა და საკუთარი 'ტვიტერის' ექაუნთზე ბაიდენი ფიზიკურად და მენტალურად სუსტ ადამიანად მოიხსენია. ტრამპს არც საპასუხო მუქარა გამორჩენია: "ის მე არ მიცნობს. ის სწრაფად და ტირილით დაეცემოდა."
დენიელ ნეგრანუს მიერ გაკეთებულ გამოკითხვას, სადაც კანადელი მოთამაშე ერთმანეთს ტრამპსა და ბაიდენს 'აჩხუბებდა', რესპუბლიკური პარტიის ვეტერანი გულშემატკივარი, დოილ ბრანსონი გამოეხმაურა: "შენ ალბათ ხუმრობ. ტრამპი ჯოს ადვილად დაამრაცხებდა. ის 50 ფუნტით მძიმე და გაცილებით ათლეტურია. ახალგაზრდობაში, ის საკმაოდ კარგი სპორტსმენი იყო, რაც უკვალოდ არ ქრება. რა თქმა უნდა, პოპულარობით მას ბაიდენი აჯობებს."
"ადრეულ წლებში ჯოც სპორტს მისდევდა, - საპასუხო წერილით მიმართა ნეგრანუმ ძველ მეგობარს, - ტრამპი საერთოდ არ ვარჯიშობს და 'მაკდონალდსის' დიეტაზეა. ბრძოლა თუ 30 წამზე ნაკლები დრო გაგრძელდა, ტრამპი დაღლილობისგან დავარდება; 3 წუთის შემთხვევაში კი მას გულის შეტევა გარანტირებული აქვს."
კამათში გოლფის ლეგენდა - ტაიგერ ვუდსიც ჩაერთო. მისი განმარტებით, გოლფის თამაშისას აშკარად შეინიშნება დონალდ ტრამპის ათლეტური მონაცემები. დენიელ ნეგრანუს აზრით, მსგავსი დაპირისპირება, ფინანსური თვალსაზრისით, მაკგრეგორისა და მეივეზერის დაპირისპირებასაც კი ჩამოიტოვებდა უკან.