ბრაიან იუნი WSOP-ის მე-3 სამაჯურს და $1.094.000 დოლარს იგებს
ბრაიან იუნმა თავისი მე-3 ოქროს სამაჯური მოიგო, $1.094.349 დოლარიანი ანაზღაურებით. რაც მის მოგებას განსაკუთრებულ ელფერს სძენს, ტურნირის მონაწილეთა რაოდენობაა. $1.500 დოლარიან Monster Stack-ის ივენთზე 6.717 მოთამაშე დარეგისტრირდა. როდესაც ტურნირის ლაინაფი ასეთი მასშტაბურობით ხასიათდება, პოკერის გულშემატკივრები გამარჯვებულს საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ და ხშირად ისეთი მარტივი არგუმენტიც იჩენს თავს, როგორიცაა "ვინმე აუცილებლად მოიგებდა". მაგრამ ბრაიან იუნისთვის ეს მე-3 ოქროს სამაჯურია, რაც აშკარად ცხადყოფს, რომ კალიფორნიელი პროფესიონალი შემთხვევითი 'რომელიღაც გამარჯვებული' არ არის.
6.717 მოთამაშის დარეგისტრირების შემდეგ, ტურნირის საპრიზო ფონდმა $9.066.600 დოლარი შეადგინა. ივენთი საკუთარ სახელწოდებას - Monster Stack-ს სრულად ამართლებდა - საწყისი სტეკი 100.000.000 ჩიპს შეადგენდა. მართალია ბრაიან იუნი ტურნირის დამსახურებული გამარჯვებულია, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიების მოგება, იღბლის გარეშე, შეუძლებელია. ამის მაგალითად ფინალური მაგიდის ერთ-ერთი დარიგება გამოდგება: 'კატოფის' პოზიციიდან იუნმა დარჩენილ მოთამაშეებზე იერიში მიიტანა და თავისი სტეკი მაგიდის ცენტრში მოათავსა. 'სმოლ ბლაინდისა და 'ბიგ ბლაინდის' პოზიციებიდან იულიან კოლევმა KJ-ით და რაიან მაკნაითმა AQ-ით უპასუხეს. დარიგების ბოლოს, ბორდმა გამარჯვება A8-ით შეიარაღებულ იუნს მიანიჭა, ხოლო ორი მოთამაშე მე-4 და მე-5 პოზიციებიდან გამოთიშა თამაშს.
ფინალურ ჰედს-აპში კალიფორნიელმა მოთამაშემ ბელორუსი იჰარ სოიკა დაამარცხა. სოიკას A8-ს, იუნმა KT-ით მოუგო. ბრაიან იუნის კარიერაში ეს ყველაზე მასშტაბური ივენთი იყო, ყველაზე დიდი ანაზღაურებით. მისმა საერთო სატურნირო შემოსავალმა $4.2 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ბელორუს მოთამაშეს, მეორე ადგილისთვის, $675.995 დოლარი შეხვდა. ცნობილი მოთამაშეებიდან, ფინალურ მაგიდაზე, მორის ჰოკინსი მოხვდა, რომელმაც მე-6 ადგილი დაიკავა.