WSOP-ის მოთამაშეები კარტის ხარისხით უკმაყოფილოები არიან
2017 წლის WSOP აქტიურ ფაზაშია შესული. მსოფლიო პოკერის სერიებზე უამრავი ახალი მოთამაშე გამოჩნდა, რომელმაც საკუთარი სახელი გემბლინგის ისტორიაში სამუდამოდ ჩაწერა. მრავლად არიან უკვე სახელმოხვეჭილი და ცნობილი მოთამაშეები, რომლებიც ძველი დიდების დასაბრუნებლად და განსამტკიცებლად იაფიან ტურნირსაც კი არ ტოვებენ. მაგრამ მთავარი აჟიოტაჟი WSOP-ზე გამოყენებულმა სათამაშო კარტმა გამოიწვია, რომლითაც ყველა უკმაყოფილო დარჩა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პოკერის მოთამაშეებმა ბანქოსთან დაკავშირებით პრეტენზია გამოთქვეს: გასული ორი წლის განმავლობაში, WSOP-ზე გამოყენებული კარტის კრიტიკა მრავლად ისმოდა. ზოგიერთი მოთამაშე ჩიპების დაბალ ხარისხზეც კი საუბრობდა. როგორც წესი, კაზინოებში ჩიპების წარმოებას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ და მწარმოებელ ქარხნებს მკაცრ კონტროლს უწესებენ, მაგრამ რაც შეეხება ბანქოს, როგორც აღმოჩნდა, აქ ყველაფერი სხვაგვარადაა.
როგორც ლეგენდარული მოთამაშე, მაიკ მატუსოუ ამბობს, WSOP სათამაშო ბანქოს უფასოდ ღებულობს, რაც მის ხარისხზეც აისახება. WSOP-ის წარმომადგენლების განცხადებით კი, წლევანდელი ღონისძიებებისთვის სათამაშო კარტი იმ მწარმოებელმა კომპანიამ დაამზადა, რომელიც შარშანდელ სერიებს ემსახურებოდა. WSOP-ის მენეჯმენტის განმარტების მიხედვით, სათამაშო ბანქო ერთი და იგივე ელემენტს შეიცავს, სტანდარტული ზომის და წონისაა, სტანდარტულ პროცედურებს გადის, მაგრამ ერთადერთი განსხვავება, რომელიც წლიდან წლამდე შეიძლება მივიღოთ, ქაღალდის შრობის დროს მიღებული განსხვავებაა.
ალენ კესლერი - WSOP-ის ფესტივალის ერთ-ერთი ვეტერანი რეგულარი ამბობს, რომ კარტები გამუდმებით დეფორმირებული და გაღუნულია, რასაც მოთამაშეების მიერ უდიერი მოპყრობა იწვევს. კესლერის, მატუსოუსა და სხვა მოთამაშეების ინფორმაციით, მსგავსი ბანქოთი თამაში შეუძლებელია, რადგან მასზე ადვილია სპეციალური ნიშნების დატანება, რაც შემდგომ დარიგებებში კარტის ამოცნობის საშუალებას იძლევა. კესლერი გაოცებულია იმ ფაქტით, რომ WSOP-ის ტურნირების მენეჯერმა დილერებს მითითება მისცა: თუ რომელიმე მოთამაშე დეფორმირებულ კარტს დააბრუნებს, მას გარკვეული ჯარიმა დაუწესდეს. რთულია იმის თქმა, რამდენად სწრაფად მოხერხდება რამდენიმე ასეული ათასი დასტის შეცვლა და პოკერის ფესტივალის უხარვეზოდ ჩატარება.





