ტოდ ბრანსონი და მაქს პესკატორი რესტორანს ხსნიან

ლეგენდარული მოთამაშის, დოილ ბრანსონის შვილი, რომელმაც მოთამაშის პროფესიონალურ კარიერაში არანაკლები წარმატება მოიპოვა, ვიდრე მამამ, სარესტორნო ბიზნესში ერთვება. ტოდ ბრანსონი, მოთამაშეებთან - მაქს პესკატორისთან და ფაბიო კოპოლასთან ერთად, ლას ვეგასის ერთ-ერთი საუკეთესო რესტორნის, Roma Deli-ის მფლობელები გახდნენ. 

როგორც vegas.eater.com-ზეა აღწერილი, რესტორანი Rio Casino & Resort-დან, ანუ იმ ადგილიდან, სადაც WSOP-ის სათაო ოფისია განთავსებული, სულ რამდენიმე მილის მოშორებით მდებარეობს. ზაფხულობით, როდესაც WSOP-ის ფესტივალი მიმდინარეობს, რესტორანს უამრავი სტუმარი ჰყავს, მაგრამ ტოდ ბრანსონისა და მაქს პესკატორის კოლაბორაცია, მოთამაშეებისთვის დამატებითი სტიმულის მიმცემი იქნება. მოთამაშეებმა უკვე დაიწყეს რესტორნის გაფართოებაზე საუბარი, თუმცა, სახელი და ამერიკულ-იტალიური თემა უცვლელი დარჩება. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პოკერის პროფესიონალი მოთამაშე რეალურ ბიზნესში ერთვება: ჰაი სტეიკს რეგულარი, ელი ელეზრა ლას ვეგასში მდებარე სტრიპტიზ ბარების ქსელის მფლობელია; ჰოვარდ ლედერერი ლეგენდარული Full Tilt Poker-ის დამაარსებელი იყო; ფილ ჰელმუტი ქუდების, კაპიუშონებისა და მაისურების ხაზს ფლობს; ფილ აივიმ, დაგ პოლკმა და ფილ გალფონდმა საკუთარი სატრეინინგო საიტები გააკეთეს, თუმცა აივის საიტმა სულ რამდენიმე კვირის წინ შეწყვიტა ფუნქციონირება... ჩამონათვალი საკმაოდ შორს მიდის. მაგრამ ფაქტია, რომ გემბლერები, რომელთა მოგება მაღალი სვინგებისა და ცვალებადობის გამო მუდმივად მერყეობს, სტაბილური შემოსავლის გაჩენას ცდილობენ.

მაქს პესკატორი WSOP-ის 4 სამაჯურის მფლობელია. $4 მილიონ დოლარზე მეტი მოგებით, ის იტალიის ყველაზე წარმატებულ მოთამაშეთა რეიტინგში მე-3 პოზიციას იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ ტოდ ბრანსონს WSOP-ის მხოლოდ ერთი სამაჯური აქვს, ის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ თამაშებში იღებს მონაწილეობას. ტოდ ბრანსონის ქეშ-გეიმების ზუსტი მაჩვენებელი და სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ როგორც ლეგენდარული დოილ ბრანსონი ამბობს, მისი შვილის მოგებამ დიდი ხნის წინ გაუსწრო მამამისის შედეგს. 

რუმები

ქართული უცხოური