PokerStars -ის მფლობელი კომპანიის დირექტორი ახალ სკანდალში ეხვევა
PokerStars-ის მფლობელი კომპანიის დამფუძნებელი ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ ბააზოვი ამერიკული პრესის გმირი კიდევ ერთხელ გახდა - სამწუხაროდ, ამჯერადაც მისთვის არასასიამოვნო ამბით. როგორც ირკვევა, დევიდ ბააზოვის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. მას, 2014 წელს ნიუ იორკის გუბერნატორის არჩევნებში, კანდიდატ ენდრიუ კუომოს ფონდში $25.000 დოლარის უკანონო გადარიცხვა ედება ბრალად.
ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობით, ამერიკელი პოლიტიკოსის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება, ან კამპანიის ფონდისთვის თანხის შეწირვის უფლება მხოლოდ ამერიკის მოქალაქეს აქვს. 2014 წელს, ენდრიუ კუომოს ფონდში, ამერიკის მოქალაქემ, მარლონ გოლდსტაინმა $25.000 დოლარი გადარიცხა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ფული Amaya-დან მომდინარეობდა, რომელსაც მაშინ დევიდ ბააზოვი ედგა სათავეში. დაფინანსება უცხო ქვეყნის მიერ ამერიკის არჩევნებში არალეგალურ ჩარევად იქნა მიჩნეული.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის გამოცანად რჩება, თუ რატომ უნდა დაეფინანსებინა დევიდ ბააზოვის კომპანიას ნიუ იორკელი პოლიტიკოსი, პასუხი შეიძლება ბევრად მარტივი აღმოჩნდეს: კუომო აქტიურად უჭერდა მხარს ნიო იორკში ონლაინ პოკერის ლეგალიზაციას. ნიუ იორკი კი სწორედ ის ადგილი იყო, რომელიც, ონლაინ გემბლინგის სფეროში, მთელი ამერიკისთვის მისაბაძი გმირის როლში გამოდიოდა. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ PokerStars-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ნიუ იორკში ოპერირების უფლების მოპოვება ყოფილიყო. ჯერჯერობით უცნობია, ფინანსდებოდა თუ არა კუომოს წინასაარჩევნო კაპმანია PokerStars-თან დაკავშირებული სხვა პირების მიერ.