მოთამაშეების მიმართ უპატივცემულობის გამო სალომონ პონტეს ტელევიზიები ბლოკავენ
გასულ კვირას სალომონ Hashtag King პონტეს სატელევიზიო ეთერში გამოჩენამ, განსაკუთრებით კი მისმა საქციელმა, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. როგორც აღმოჩნდა, ამ მოვლენას ყურადღება არამხოლოდ მოთამაშეებმა და პოკერის გულშემატკივრებმა, არამედ ტელევიზიების წარმომადგენლებმაც მიაქციეს - მომავალ კვირას დაგეგმილი Live At the Bike-ის მოწვეულ სტუმართა სიიდან სალომონ პონტეს სახელი გაქრა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სალომონ პონტემ Poker Night in America-ს სატელევიზიო ქეშ-გეიმზე, თამაშის გარდა, ყველაფრის გაკეთება მოახერხა. სესიის უმეტესი ნაწილი პონტემ სხვების ლანძღვაში გაატარა - მისი მთავარი იარაღი სიტყვა "ბოზი" აღმოჩნდა, რომლითაც ის ოპონენტებს უსწორდებოდა. პონტეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწინააღმდეგე დაგ პოლკი იყო, რომელთან კამათის შემდეგაც პონტემ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჰედს-აპ მოთამაშე $1 მილიონ დოლარიან დუელში გამოიწვია.
დაგ პოლკთან კამათის დროს, შონ დიბმა პონტეს აქტიურ სესიაზე დაბრუნება და თამაშის გაგრძელება სთხოვა, რის შემდეგაც Hashtag King-ის აგრესიის მთავარი ადრესატი სწორედ დიბი გახდა. პონტემ ის ჯერ გონებაშეზღუდულად მოიხსენია, შემდეგ კი მის ცოლს მახინჯი უწოდა - "შენს ცოლთან ყოფნას, ბევრად აჯობებდა მომკვდარიყავი!"
$25/$50 ლიმიტის ბანკროლის განიავების შემდეგ, თამაშში დასაბრუნებლად, პონტემ, მოთამაშეებისთვის საკუთარი ნივთების მიყიდვა განიზრახა, რომელთა შორის მისი საათი, საკმაულები და ტელეფონი შედიოდა. ბოლოს მან მაგიდაზე მყოფთ საკუთარი პასპორტის ყიდვაც კი შესთავაზა. რა თქმა უნდა, არცერთ მის წინადადებას პოზიტიური გამოხმაურება არ მოჰყოლია და პონტეც იძულებული გახდა ქეშ-გეიმი დაეტოვებინა.
მოგვიანებით სალომონ პონტემ შონ დიბისთვის სახალხოდ ბოდიშის მოხდა გადაწყვიტა, მაგრამ დიბი პატიებას აშკარად არ აპირებდა. როგორც პონტეს მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, შონ დიბმა ტურნირის მენეჯერსა და დაცვას მოუხმო, რათა პონტე მისი მაგიდის მიმდებარე ტერიტორიიდან გაეყვანათ. Live At the Bike-ის ქეშ-გეიმიდან სალომონ პონტეს დაბლოკვას სწორედ შონ დიბს უკავშირებენ, რომელმაც ჯო ინგრამის პოდკასტში საუბრისას განაცხადა, რომ ის არცერთ თამაშზე დასწრებას არ აპირებდა, სადაც პონტეს მიიწვევდნენ. Hashtag King-ის მოწვეული სტუმრებიდან გაქრობაც სწორედ შონ დიბისა და Live At the Bike-ის კომენტატორის დაპირისპირებას მოჰყვა, სადაც შონ დიბმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ის გადაცემაში მისვლას და პონტესთან ერთად თამაშს არ აპირებდა.





