ფილ აივიმ Ivey League-ის დახურვის შესახებ განცხადება გაავრცელა
შემდეგი თვიდან ლეგენდარული მოთამაშის, WSOP-ის 10 ოქროს სამაჯურის მფლობელის, ფილ აივის მიერ შექმნილი სატრეინინგო საიტი Ivey League ახალი ვიდეოების გამოქვეყნებას შეწყვეტს. სიახლე Ivey League-ის მენეჯმენტმა 'ტვიტერის' საშუალებით პარასკევს გააჟღერა: "პირველი მაისიდან ჩვენ ახალ ვიდეოებს აღარ გამოვაქვეყნებთ. პროპორციული რეფინანსირების პარალელურად, ჩვენი ვიდეოთეკა კვლავაც ხელმისაწვდომი დარჩება." Ivey League-ის გუნდმა ასევე მადლობა გადაუხადა თანამშრომლებსა და მოთამაშეებს: "ჩვენ გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც Ivey League-ის ნაწილი იყო და წარმატება ვუსურვოთ პოკერის სამყაროში."
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სატრეინინგო საიტის მიერ ატვირთული ვიდეოები საიტის დამთვალიერებლებისთვის კვლავაც ხელმისაწვდომი იქნება, ხოლო იმ მომხმარებლებს, რომლებიც წლიურ გადასახადს იხდიდნენ, დახარჯული ფული სრულად აუნაზღაურდებათ.
ფილ აივიმ პოკერის სატრეინინგო საიტი 2014 წელს გახსნა და მის წარსადგენად ისეთ მოთამაშეებს მოუხმო, როგორებიც პატრიკ ანტონიუსი, ენდრიუ ლიჰტენბერგერი და კოლ საუთი არიან. საიტზე ცნობილი მოთამაშეები საკუთარ ვიდეოებს დებდნენ, სადაც პოკერის სტრატეგიებსა და თამაშის სხვადასხვა სპეციფიურ სიტუაციებს განიხილავდნენ. ფილ აივის უკანასკნელი მნიშვნელოვანი ტურნირი 2016 წლით თარიღდება, როდესაც მან $10.000 დოლარიანი WSOP-ის მეინ ივენთზე წარუმატებლად ითამაშა. მისი სასამართლო დაპირისპირება Crockford Casino-თან კვლავაც გრძელდება.





