ხელოვნური ინტელექტი პოკერის მოთამაშეებს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება
კარნეგი მელონის უნივერსიტეტს ახალი ბოტი ჰყავს. მეცნიერები ხელოვნური ინტელექტის გაუმჯობესებული ვერსია გვთავაზობენ, რომელიც ჩინეთის 6 საუკეთესო პროფესიონალ მოთამაშეს ტეხასურ ჰოლდემში დაუპირისპირდება. ფულადი ჯილდო $290.000 დოლარს შეადგენს. ბოტის სახელი 'ლენგპუდაში' იქნება, რომელსაც პოკერის ოსტატად მოიხსენიებენ. მისი ავტორები 'ლიბრატუსისა' და 'კლაუდიკოს' მშობლები, კარნეგი მელონის უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა პროფესორები - ტუომას სენდჰოლმი და ნოამ ბრაუნი არიან.
კარნეგი მელონის უნივერსიტეტის მეცნიერები უკვე რამდენიმე წელია, რაც ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მუშაობენ. ძირითადადი ცდები სწორედ პოკერის მოთამაშეებთან მიმდინარეობს, რადგან პოკერი, თავისი არასრული ინფორმაციით, მათემატიკური სტრატეგიებითა და იმპულსებზე დამოკიდებული გადაწყვეტილებებით საუკეთესო არეალია იმ მოწყობილობის გამოსაცდელად, რომელიც ადამიანივით აზროვენბას ცდილობს.
წარსულში ჩატარებული ცდებით, 'კლაუდიკო' დაგ პოლკის გუნდთან დამარცხდა. მართალია 'ლიბრატუსის' წინააღმდეგ გამოსულ მოთამაშეებს დაგ პოლკმა რამდენიმე რჩევა მისცა, მაგრამ ამჯერად გამარჯვება ბოტმა მოიპოვა. 'ლენგპუდაშის' კი 6 საუკეთესო ჩინელი მოთამაშე, ალან დუს მეთაურობით დაუპირისპირდება. ალან დუ 2016 წლის WSOP-ის 59-ე ივენთის გამარჯვებულია. ის ჩინეთში ერთ-ერთ საუკეთსო ჰედს-აპ მოთამაშედ ითვლება.
"ვცდილობ ჩვენს პროექტს რაც შეიძლება მეტი პოპულარობა მოვუტანო, - ამბობს კომპიუტერულ მეცნიერებათა პროფესორი ტუომას სენდჰოლმი, - მინდა ბოტმა პოკერში მიიღოს გამოცდილება, რადგან შემდგომში ის ბიზნეს სტრატეგიებში, ფასწარმოქმნაში, კიბერუსაფრთხოებასა და მედიცინაში გამოვიყენოთ." 'ლიბრატუსი', მის შთამომავლებთან და წინაპრებთან ერთად, უკვე სენდჰოლმის კომპანიის, Strategic Machin Inc.-ის საკუთრებაა.
ბოტსა და მოთამაშეებს შორის დაპირისპირება 6 აპრილიდან 10 აპრილამდე გაგრძელდება. ისინი დღეში 10 საათის განმავლობაში ითამაშებენ. საერთო ჯამში, ბოტსა და მოთამაშეებს შორის 36.000 დარიგება უნდა შედგეს. ადამიანები და მანქანა ერთმანეთს Pittsburgh Supercomputing Centre-ში შეებრძოლებიან.