დაგ პოლკთან ინტერვიუში ფილ ჰელმუტმა ტომ დუანის შესახებ ისაუბრა
ფილადელფიაში ჩატარებული Poker Night in America-ს ქეშ-გეიმის შემდეგ, დაგ პოლკისა და ფილ ჰელმუტის ნახვა კაზინოს რესტორანში შეგეძლოთ, სადაც ულიმიტო ჰოლდემის ჰედს-აპის ერთ-ერთმა საუკეთესო სპეციალისტმა WSOP-ის რეკორდსმენთან ინტერვიუ ჩაწერა. სრული ვიდეოს ნახვა სტატიის ბოლოს შეგიძლიათ, მაგრამ როგორც დაგ პოლკმა აღნიშნა, კაზინოს მიერ მოწოდებული ინტერნეტი საკმაოდ უხარისხო აღმოჩნდა, რის გამოც ვიდეო ტრანსლაცია ხშირი ხარვეზებითა და დაბალი გარჩევადობით გადაიცა.
პოლკმა და ჰელმუტმა ისეთ საკითხებზე ილაპარაკეს, როგორიც დაუნსვინგებთან და ბედბითებთან გამკლავება, ოჯახის წევრებთან და გულშემატკივრებთან ურთიერთობაა. როგორც ფილ ჰელმუტი ყვება, ის ლაივ ტურნირებს კვირაში ორჯერ თამაშობს. მისი გამოთვლებით, მას საათში დაახლოებით 30-ჯერ ურიგდება კარტი. ბედ ბითი და ქულერი კი, ასეთი მცირე დარიგების დროს, ძალიან დიდ გავლენას ახდენს თამაშის მსვლელობაზე. ონლაინ გრაინდერები კი, როგორიც მაგალითად დაგ პოლკია, არათუ 10 მაგიდაზე, არამედ 10 მონიტორზე თამაშობენ, სადაც საათში რამდენიმე ათასი ხელი ურიგდებათ. მათთვის ბედ ბითი იმდენად ხშირი მოვლენაა, რომ ის თამაშის წვრილმან ფაქტორად იქცევა, რაც დამატებითი სტრესის კატალიზატორად ვერ იქცევა და მხოლოდ რიგით წარუმატებელ დარიგებებს შორის ხვდება.
მოთამაშეებმა ასევე ისაუბრეს ოჯახის წევრებთან და მეორე ნახევრებთან ურთიერთობის შესახებ. ფილ ჰელმუტი მისი მეგობრის მიერ დასმულ კითხვას იხსენებს: "ჩემმა მეგობარმა, ანტონიო გრასიასმა, რომელიც ელონ მასკთან ერთად Tesla-ს მენეჯმენტს ხელმძღვანელობს, ასეთი კითხვა დამისვა: WSOP-ის რამდენ სამაჯურს მოიგებდი შენი ცოლის გარეშე? მე სიხარულით წამოვიძახე - 18! იქნებ არც ასეა საქმე? სავარაუდოდ, შენ 9 ან სულაც 7 სამაჯური გექნებოდა მოგებული. შემდეგ კი დავფიქრდი და მივხვდი, რომ ამ ყველაფრისთვის მარტო მე არ მიმიღწევია. ჩემი მეუღლე რომ არა, ვისაც ჩემი ცხოვრებისა და კარიერის ურთულეს ეპიზოდებს ვუზიარებ, მე კიდევ უფრო ამბიციური და პატივმოყვარე ადამიანი ვიქნებოდი, ვიდრე ახლა ვარ, რის გამოც პოკერის უამრავი გულშემატკივარი მაკრიტიკებს."
რაც ყველაზე საინტერესოა, ფილ ჰელმუტმა ერთი საინტერესო ისტორია მოყვა, რომელიც ტომ დუანს უკავიშრდება. დაგ პოლკმა წლების წინ ნათქვამი გაბრაზებული ჰელმუტის ფრაზა გაიხსენა, რომელიც დუანს ეხებოდა: "ხუთი წლის შემდეგ შენ აქ აღარ იქნები!" როგორც პოლკი ყვება, მაშინდელი წინადადების გამო მან ბევრი იცინა, მაგრამ როდესაც დუანი მართლაც გაქრა, ყველაფერ სხვა ელფერი მიეცა. "ინტერნეტმა უამრავი რამ შეცვალა პოკერში, - ყვება ჰელმუტი, - გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც რამდენიმე მილიონს მოიგებდა ერთ წელში. ხალხი მას საუკეთესო მოთამაშედ აღიარებდა, შემდეგ კი ეს საუკეთესო მოთამაშე სრულიად მოულოდნელად გაუჩინარდებოდა. ტომ დუანის შემთხვევაშიც ნაწილობრივ ასე მოხდა, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე სხვანაირადაა: მაკაუში ერთ-ერთ პრივატულ თამაშზე ვიყავი დაპატიჟებული, სადაც დუანიც უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ მისვლა ვერ მოვახერხე. როგორც მოგვიანებით გავიგე, დუანმა ერთ დარიგებაში 36.000.000 მოიგო." დაგ პოლკმა მაშინვე განმარტა, რომ 36.000.000 იუანი დაახლოებით $5 მილიონი აშშ დოლარია. "არა, - შეაწყვეტინა ჰელმუტმა, - მან $36.000.000 ამერიკული დოლარი მოიგო. როგორც მე ვიცი, ის და მისი რამდენიმე ადგილობრივი მეგობარი, სათამაშო მაგიდასთან, მილიონობით დოლარს ისე იღებენ და გასცემენ ვალად, როგორც ხურდა ფულს. ასე რომ, ჭორები მის გაკოტრებაზე არასერიოზულია. მას ფული ნამდვილად აქვს. "





