ევროპასა და ამერიკაში PokerStars-ის სოფტი გაითიშა

"პოკერსტარსის' დასასრული?" - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა დღევანდელი ნიუსი ერთ-ერთმა ცნობილმა ონლაინ გამოცემამ HighStakesDB, რომელიც ონლაინ პოკერის სიახლეებს, სტატისტიკებსა და სხვა მონაცემებს დეტალურად ადევნებს თვალყურს. 'დასასრული' შესაძლოა გადაჭარბებული სიტყვა იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში მყოფი მოთამაშეები მსოფლიოს უდიდესი პოკერ-რუმის გათიშვის შესახებ იუწყებიან. 

მოთამაშეები, რომლებიც PokerStars-ის მთავარ სამომხმარებლო ბაზრებს მიეკუთვნებიან, პოკერ-რუმიდან მოულოდნელად გამოთიშვის შესახებ ფორუმებსა და ონლაინ გამოცემების ცხელ ხაზზე იტყობინებოდნენ. მსგავსი მასშტაბის ხარვეზი, თუ ამას ხარვეზი შეიძლება ეწოდოს, პოკერის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოხდა - 2011 წლის აპრილში ე.წ. Black Friday-ზე, როდესაც ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით პოკერ-რუმების ექსპლოატაცია ერთბაშად შეაჩერა. მაშინდელ სიტუაციას მიზეზიც ჰქონდა და გაგრძელებაც, თუმცა, ამჟამინდელი მდგომარეობა მოთამაშეებს სრულ გაუგებრობაში აგდებს. 

მიმდინარე მოვლენებმა უამრავი სპეკულაცია გამოიწვია: ზოგი ამ ყველაფერით 'პოკერსტარსის' დასასრულს წინასწარმეტყველებს, ზოგი მთლიანად ონლაინ-პოკერის განადგურებას. იმასაც კი ამბობენ, რომ ამ ყველაფრის უკან დონალდ ტრამპი დგას, რაც უამრავი ხუმრობის მიზეზად იქცა. ინტერნეტ ფორუმებზე ჰაკერების მიერ განხორციელებულ შეტევაზეც საუბრობენ და PokerStars-ისგან დაცვის გაძლიერების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ. როგორც ცნობილი ხდება, მსგავსი ჩავარდნა PokerStars-ის მთავარი სერვერის გათიშვამ გამოიწვია. ონლაინ პოკერ-რუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენელმა "2+2 ფორუმზე" მხოლოდ ის განმარტა, რომ 'პოკერსტარსი' იძულებული იყო სერვერი გაუთვალისწინებელი და გადაუდებელი გარემოების გამო გადაეტვირთა. უკანასკნელ საათებში კი, როგორც მოთამაშეები ფორუმებსა და 'ფეისბუქის' გვერდებზე წერენ, პოკერ-რუმზე წვდომა კვლავ აღდგა. რა გახდა მსგავსი გათიშვის მიზეზი, ან რომელ ქვეყნებში დარჩნენ 'სტარსის' მომხმარებლები სერვერზე წვდომის გარეშე, ამაზე საიტის ადმინისტრაციას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. 

რუმები

ქართული უცხოური