მულტიმილიონერი მოთამაშე პოკერს თავს ანებებს - ინტერვიუ იენს კილონენთან

იენს კილონენი ონლაინ პოკერის უმაღლესი ლიმიტების რეგულარული მოთამაშეა. მისი ძირითადი მიმართულება პოტ-ლიმიტ ომაჰაა, მაგრამ პერიოდულად, თუ ძვირადღირებულ მაგიდებზე შესაბამისი თამაშის შესაძლებლობა გაჩნდა, ომაჰას ჰოლდემი ცვლის. რამდენიმე კვირის წინ კილონენმა ხმაურიანი განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც ის პოკერს თავს ანებებდა და ფინანსისტის კარიერის შენებას იწყებდა. მაშინვე ყველას ფედორ ჰოლცი გაახსენდება, რომელმაც 18 თვიან პერიოდში $15 მილიონ დოლარამდე მოიგო, ხოლო შემდეგ თამაშზე უარის თქმა გადაწყვიტა. ასეთი განცხადებების მიუხედავად, ჰოლციც და კილონენიც ჯერჯერობით კვლავ ბიზნესში არიან. გთავაზობთ PokerNews-ის მიერ იენს კილონენთან ჩაწერილ ინტერვიუს, სადაც მოთამაშემ საკუთარ მიზნებსა და პოკერის მომავალზე ილაპარაკა. 

- როდის გადაწყვიტე, რომ სწავლას დაბრუნებოდი?

- სწავლა 2015 წელს დავიწყე, მაგრამ პოკერს მაინც დიდ დროს ვუთმობდი. ეს ყველაფერი კი ერთმანეთთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. პოკერის მიტოვებაზე გადაწყვეტილება ასე ერთბაშად არ მიმიღია და ახლაც არ ვიცი ასე ვაპირებ თუ არა, მაგრამ დროის უკმარისობის გამო, სავარაუდოდ, თამაშზე უარის თქმა მომიწევს. 

- უარის თქმის შემთხვევაში, აქა-იქ აპირებ თამაშს, თუ პოკერი სრულად აიკრძალება?

- თამაში ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, ლაივ ივენთებზე გადავერთვები. პოკერზე სრულად უარის თქმას ნამდვილად ვერ შევძლებ. 

- რის გაკეთებას აპირებ სწავლის დასრულების შემდეგ?

- ამ მომენტისთვის ვფიქრობ, რომ ფინანსების მიმართულებით წავალ. Ivy League-ში ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხის დაცვას ვაპირებ.

- როგორც შენი წინა ინტერვიუდან მივხვდი, ასეთი გადაწყვეტილება პოკერისადმი ინტერესის განელებამ გამოიწვია...

- არა. ფინელმა ჟურნალისტებმა ჩემი ნათქვამი ან არასწორად გაიგეს, ან არასწორი ინტერპრეტირება გაუკეთეს. საზოგადოების აზრი პოკერის მიმართ არ მაინტერესებს. ამ ფაქტორს ჩემს გადაწყვეტილებაზე არ უმოქმედია. საქმე იმაშია, რომ პოკერის ინდუსტრია, ზოგადად პოკერის ბაზარი, ჩემი აზრით, კლებას განიცდის. სამწუხაროდ, ამ ტენდენციის შემასუსტებელ ბარიერს ჯერჯერობით ვერ ვხედავ. თანამედროვე სამყაროში პოკერის თამაშით რომ ფული მიიღო, გამუდმებით კომპიუტერთან ჯდომა და თამაში გიწევს. საბედნიეროდ, ფინანსური მდგომარეობა ხელს მიწყობს და მეტი თავისუფლების საშუალებას მაძლევს. 

- როგორ ფიქრობ, რა არის პოკერში შენი ყველაზე დიდი მიღწევა?

- WSOP და EPT ტიტულები, რა თქმა უნდა, კარგად ჟღერს. მაგრამ ჩემი მთავარი მიღწევა ქეშ-გეიმებია. ონლაინ პოკერ-რუმების ქეშ-გეიმებზე ასეთი ხანგრძლივი პერიოდით პლუსის ჩვენება, ვფიქრობ, საკმაოდ დიდი საქმეა. კარგა ხანი დაბალ ლიმტებზე ვცდილობდი ბანკროლის შენებას, რაც შრომატევადი საქმე აღმოჩნდა. $10/$20 და მსგავს ლიმიტებზე ხანგრძლივი წვალების შემდეგ, 2011 წელს ერთ ღამეში მილიონი დოლარის მოგება შევძელი. მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და მივხვდი, რომ დიდ თამაშებზე დომინანტის როლის შესრულება შემეძლო. 

- როგორ წარმოგიდგენია პოკერის მომავალი?

- ცოტა ხნის წინაც აღვნიშნე: თამაშის მომავალზე საკმაოდ პესიმისტური განწყობა მაქვს. მოკლევადიან პერიოდს თუ განვიხილავთ, კიდევ გვაქვს შანსი რამდენიმე ბაზარზე შეღწევის, სადაც ჭკვიანი მოთამაშე ფულის მოგებას შეძლებს. გრძელვადიან პერიოდს რაც შეეხება, ანალიტიკური პროგრამების განვითარება პოკერს სრულიად გაანადგურებს. საბოლოოდ ისე გამოვა, რომ მხოლოდ პოკერ-რუმი დარჩება მოგებული. გარდა ამისა, პროფესიონალი მოთამაშეებიც იმდენად იხვეწებიან, რომ დამწყებ და მოყვარულ მოთამაშეებს პოკერთან მიკარების სურვილიც ეკარგებათ. ეს ყველაფერი კი ზოგადად ინდუსტრიაზე მკვეთრად აისახება. 

რუმები

ქართული უცხოური