Youtube-ზე დაგ პოლკის 17 ვიდეო წაიშალა

Youtube-დან მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჰედს-აპ მოთამაშის და ვიდეო ბლოგერის, დაგ პოლკის 17 ვიდეო წაიშალა. მოთხოვნა Game Show Network-ის (GSN) მიერ იქნა განხორციელებული. სატელევიზიო არხის მენეჯმენტის განცხადებით, ისინი სასამართლოს მიმართავდნენ იმ შემთხვევაში, თუ დაგ პოლკი 'იუთუბის' საკუთარი გვერდიდან GSN-ის სატელევზიო გადაცემის High Stakes Poker-ის ნაწყვეტებს არ წაშლიდა. შეგახსენებთ, რომ High Stakes Poker 2006-დან 2011 წლამდე GSN-ის არხზე სეზონურად გადიოდა. შოუმ დიდი წარმატება მოუტანა, როგორც სატელვიზიო არხს, ისე ზოგადად პოკერს. გადაცემაში მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები და მდიდარი ბიზნესმენები იკრიბებოდნენ, რომლებიც ასიათასობით დოლარზე თამაშობდნენ. გადაცემის მსვლელობის დროს ნათამაშებ რამდენიმე დარიგებაში ბანკი $1 მილიონ დოლარამდეც კი გაიზარდა. მას შემდეგ, High Stakes Poker ვიდეო გაკვეთილების სახითაც კი გამოიყენებოდა, საიდანაც უამრავმა თანამედროვე მოთამაშემ, გამოცდილებასთან ერთად, დიდი ინსპირაცია მიიღო. 

დაგ პოლკის შემთხვევაში კი ყველაფერი ასე განვითარდა: პოლკის 'იუთუბის' გვერდი მზარდი პოპულარობით სარგებლობს. ჰედს-აპის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული გრაინდერი საკმაოდ გულახდილია იმ ხრიკების, საიდუმლოების, პოკერის მოთამაშეთა დამატებითი შემოსავლის წყაროებისა და მათი ცხოვრების სტილის შესახებ, რომელიც ასე ძალიან აინტერესებთ ზოგადად პოკერის მოყვარულებს. გარდა ამისა, პოლკის ვიდეოები მეტწილად დიდი და საინტერესო დარიგებების განხილვას ეთმობა, სადაც გადაცემის ავტორი კონკრეტულ ხელებსა და თამაშის მსვლელობის მისებურ ხედვებზე საუბრობს. 

პოლკის განმარტებით, საავტორო უფლებებთან მას არანაირი პრობლემა არ აქვს და არც მათი დარღვევის მცდელობა ჰქონია, მაგრამ თუ ვინმე რაიმე სახის კონტენტს საგანმანათლებლო და შემეცნებითი მიზნებისთვის გამოიყენებს, ის სრულიად უნდა გათავისუფლდეს მორალური, თუ იურიდიული პასუხისმგებლობისგან. გარდა ამისა, მოთამაშე იმასაც აღნიშნავს, რომ ის მზადაა 'იუთუბის' გვერდიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი GSN-ს გადაუხადოს, რაც მისი გამოთვლებით $2000-$3000 დოლარს უნდა შეადგენდეს. 

მაგრამ პოლკის ისტორიის ყველაზე საინტერესო ნაწილი დენიელ ნეგრანუს ეხება: მსგავსი პრობლემები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ნეგრანუმ საკუთარი 'ტვიტერის' გვერდზე მოთამაშეების მიერ რომელიმე სატელევიზიო არხისა თუ მედია პროდუქტის მწარმოებლის კონტენტის უკანონოდ გამოყენებასა და ამით საავტორო უფლებების დარღვევაზე გააკეთა აქცენტი. კანადელი მოთამაშის 'ტვიტერს' დაახლოებით 427.000 გამომწერი ჰყავს, ასე რომ, მას უამრავ მნიშვნელოვან ადამიანთან და მედია საშუალებასთან აქვს წვდომა. შესაძლოა, რომ სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა GSN-ის ადმინისტრაციამ საკუთარი უფლებების დაცვა პოკერის ახალგაზრდა თაობისგან. ასეთ ეჭვს ის ფაქტი იწვევს, რომ მსგავსი კონტენტი თვეობით ინახებოდა დაგ პოლკის 'იუთუბის' გვერდზე, ხოლო დენიელ ნეგრანუს განცხადების შემდეგ, ყველაფერი მომენტალურად შეიცვალა. უდავოა, რომ ონლაინ სივრცეში დაგ პოლკი ერთ-ერთ საუკეთესო მასალას ამზადებდა, რომელიც პოკერის სულ სხვა რაკურსით დანახვის შესაძლებლობას იძლეოდა. სავარაუდოდ, ამერიკელი მოთამაშე იძულებული იქნება საკუთარი ვიდეოების ძირითადი ხაზი შეცვალოს და დრო მხოლოდ პოკერის სამყაროში მიმდაინრე ჭორებსა და კულუარულ ინფორმაციას დაუთმოს. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა PokerStars-ის სახე ინდუსტრიის ანტიგმირი გახდა: გასულ წელს 'პოკერსტარსის' მიერ განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც პოკერ-რუმის მომხმარებლებისთვის სრულიად მოულოდნელი და მიუღებელი აღმოჩნდა, დენიელ ნეგრანუმ გაამართლა და მხოლოდ მისკომუნიკაციის პრობლემაზე გააკეთა აქცენტი. დაგ პოლკსა და ნეგრანუს შორის დაპირისპირება აქამდეც ყოფილა - პოლკს ხშირად დაუყენებია კანადელი მოთამაშის საუკეთესოობა ეჭვქვეშ. განსაკუთრებით კრიტიკული პოლკი სწორედ PokerStars-ზე მიმდინარე ცვლილებების დროს იყო, როდესაც მან ნეგრანუს კორპორატიული მარიონეტი და გამყიდველი უწოდა. 

რუმები

ქართული უცხოური