სერიიდან: "durrrr-ის დაბრუნება" - დენ ქეითსის ინფორმაციით, ტომ დუანი გაკოტრებულია
ტომ დუანის შესახებ ნებისმიერი სახის სიახლის მოპოვება, მისი მედია რადარიდან აორთქლების შემდეგ, განსაკუთრებით გართულდა, მაგრამ თუკი მასზე რამე მაინც გახდება ცნობილი, ინფორმაციის წყარო აუცილებლად დენიელ ქეითსი იქნება. ამერიკელი მოთამაშის დაინტერესება და დუანთან პირადი ისტორიის არსებობა ყველასთვის გასაგებია - ქეითსსა და დუანს Durrrr Challenge აქვთ დასასრულებელი, რომელიც უკვე წლებია იწელება.
როგორც CardPlayer-თან ინტერვიუში ქეითსი ამბობს, უკანასკნელ პერიოდში დუანთან კომუნიკაცია დამყარდა და ონლაინ პოკერის ლეგენდა გარკვეულ დათმობებზეც მიდის, მაგრამ დუანის 'ჩელენჯზე' სულ სხვა წარმოდგენა აქვს თანამედროვე პოკერის კიდევ ერთ ლეგენდას - ჰედს-აპის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული დაგ პოლკის განცხადებით, Durrrr Challenge პოკერის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტყუილი და აფიორაა.
თავად დენ ქეითსი დუელის გაგრძელების შესახებ იმედს გამოთქვამს და ამბობს, რომ ტომ დუანს მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემები შეექმნა, რაც წარმოუდგენლად მაღალ ლიმიტებზე თამაშმა განაპირობა. "ნამდვილად არ ვარ ბედნიერი იმით, თუ როგორ განვითარდა მოვლენები, მაგრამ ვცდილობ ყველაფერი ტომთან შეთანხმებით გავაკეთო და ისიც მზადაა თანამშრომლობისთვის. უკანასკნელ პერიოდში ის ძალიან დიდი თამაშებითაა დაკავებული და რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა, მას გარკვეული ფინანსური პრობლემები შეექმნა. იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ყველაფერს დავასრულებთ. მე არ მგონია, რომ ეს ყველაფერი აფიორაა, ან აფიორად იყო ჩაფიქრებული."
დიდი სცენიდან წასვლის შემდეგ, ტომ დუანი მაკაუში გადავიდა, სადაც ასტრონომიულ თანხებზე თამაშობს. როგორც რამდენიმე თვის წინ დენიელ ქეითსი იუწყებოდა, დუანმა $20.000.000 დოლარიანი ბანკი წააგო, რომელიც რიგითი სესიის ერთ-ერთი ჩვეულებრივი დარიგება იყო.





