ამერიკელმა მასწავლებელმა ონლაინ პოკერის თამაში აღიარა
დევიდ შიკი ვაშინგტონის შტატის სკოლაში მათემატიკას ასწავლის. რამდენიმე დღის წინ მან ვაჭრობის, შრომისა და სპორტის კომპიტეტთან 2003-2006 წლებში პოკერის რეგულარული თამაში აღიარა. ეს ის წლებია, როდესაც შტატში ონლაინ პოკერი აკრძალული იყო.
"ვფიქრობდი, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული კანონი სრული სისულელე და ცუდი ხუმრობა იყო, - თქვა მან სენატის სპეციალურ კომიტეტთან შეხვედრის დროს, - ამ დანაშაულისთვის არავინ გასამართლებულა. ახლა კი მე, სისხლის სამართლის დამნაშავე, თქვენ წინაშე ვარ. თუ მე ამ ყველაფრისთვის გამასამართლებენ, ეს შტატის პირველი პრეცედენტი იქნება." მართლაც, ვაშინგტონში არავისთვის წაუყენებიათ ონლაინ პოკერის თამაშისთვის ბრალი, მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ პოკერი მართლაც აკრძალულია, ხოლო მოსახლეობის უმეტესობა კანონის ამ პუნქტის დარღვევას ხშირად აღიარებს.
"პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ეს მხოლოდ უნარებსა და ცოდნაზე აგებული თამაშია, - თქვა შიკმა მას შემდეგ, რაც მან კანონმდებლებს 2009 წლის ზაფხულში მის მიერ ნათამაშები 214.000 დარიგების სტატისტიკა უჩვენა, - ეს სრულიად უსაფრთხო საქმე იყო. მე ნიჭი მაქვს - გონებაში სწრაფად ვიანგარიშო ნებისმიერ რთულ რიცხვთან დაკავშირებული მოქმედება; ამასთან ემოციების კონტროლიც კარგად გამომდის. სწორედ ამიტომ პოკერით კარგი მოგება მივიღე."
როგორც შიკი ამბობს, მისი აღსარება და ონლაინ პოკერის შტატში დაბრუნების შესახებ მოთხოვნა ფინანსური ინტერესების გამო არ მომხდარა: "ჩემთვის დაუჯერებელია - სახელმწიფო იმ საქმისთვის მიხდის ფულს, რითიც უდიდეს სიამოვნებას ვღებულობ. მათემატიკის მასწავლებლობა ჩემთვის ნამდვილი ჰობია. მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ უნდა გავფლანგო ჩემი ნიჭი და რატომ ვერ უნდა შევძლო მორალური თუ ფინანსური ბენეფიტი მივიღო იმისგან, რაც საუკეთესოდ გამომდის?"
მიუხედავად იმისა, რომ არანაირი კანონპროექტი ამ მომენტისთვის არ განიხილება, ვაშინგტონის შტატის სენატის კომიტეტმა ბრიფინგი გამართა, რომელიც სწორედ აზარტული თამაშების ლეგალიზებას ეხებოდა. ლაივ კაზინოები შტატისთვის შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს. მხოლოდ გასული წლისთვის, ვაშინგტონის ბიუჯეტში, ლაივ აზარტული თამაშებიდან $255.000.000 დოლარი შევიდა.
ამ მომენტისთვის ონლაინ პოკერი აშშ-ის მხოლოდ 3 შტატშია ნებადართული: ნიუ ჯერსი, დელავერი და ნევადა. 47 შტატი ონლაინ პოკერი არალეგალურია. ვაშინგტონმა 2015 და 2016 წლებში ორჯერ განიხილა ონლაინ პოკერის საქმე საკანონმდებლო დონეზე, მაგრამ ორივეჯერ წარუმატებლად. 2007 წელს იურისტმა ლი რუსომ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონში ონლაინ პოკერის აკრძალვას არაკონსტიტუციურ ნაბიჯს უწოდებდა. ვაშინგტონის უმაღლესმა სასამართლომ მისი საჩივრის გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მიიღო, რასაც 3 წლიანი სასამართლო პროცესი დასჭირდა.
როგორც მათემატიკის მასწავლებელი ამბობს, ვაშინგტონის შტატის მცხოვრებლები უპრობლემოდ უკავშირდებიან ონლაინ პოკერის საიტებს. 'ამერიკის პოკერის მოთამაშეთა ალიანსი' 1.2 მილიონ ადამიანს აერთიანებს, საიდანაც 17.000 სწორედ ვაშინგტონიდანაა. შიკის განმარტებით, ონლაინ პოკერის წყალობით მან საკმაოდ სოლიდური თანხა მოიგო, მაგრამ რეალურ კაზინოში ამ თანხის მხოლოდ ნახევრის გამომუშავებას შეძლებდა, რაც კაზინოების მიერ დაწესებული მაღალი საკომისიოთი იქნებოდა განპირობებული.





