ფილ ჰელმუტი Golden State Warriors-თან ქველმოქმედებისთვის ერთიანდება
ფილ ჰელმუტმა არამხოლოდ წარმატებული მოთამაშის კარიერით გაითქვა სახელი, არამედ იმ ფაქტითაც, რომ პოკერის ელიტაში ის ერთ-ერთი გამორჩეული ფილანტროპია. მას დიდი დრო და ენერგია აქვს დახარჯული სხვადასხვა საქველმოქმედო საქმიანობაში, რომელთა შორის განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებენ: WPT-ის ფონდის, All In for Kids-ის საქველმოქმედო ტურნირი და ტაიგერ ვუდსის სახელობის Tiger Jam ტურნირი.
ამჯერად, ტაიგერ ვუდსის ნაცვლად, ფილ ჰელმუტის კოლაბორაცია არა ერთ სპორტსმენთან, არამედ მთლიან გუნდთან შედგება - ის Golden State Warriors-ის ვარსკვლავებთან - სტივენ კერისთან, კლეი ტომპსონთან და დრეიმონდ გრინთან ერთად Warriors Community Foundation-ის პოპულარიზაციისთვის იბრძოლებს. WCF-ის მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის აუცილებელი განათლების უზრუნველყოფაა. ფონდმა უკვე შეძლო $5 მილიონი დოლარის მოგროვება, რომელიც მთლიანად იმ სტუდენტებს მოხმარდებათ, რომლებმაც ფინანსური პრობლემების გამო სწავლის დაწყება, ან გაგრძელება ვეღარ შეძლეს.
საქველმოქმედო აქციებს თავად ჰელმუტისთვისაც უამრავი ბენეფიტი მოაქვს: WSOP-ის რეკორდული სამაჯურებისა და მოგებული ფულის გარდა, ლეგენდარული მოთამაშე სტატუსსაც იძენს. ორგანიზაციებმა, რომლებთანაც ის თანამშრომლობდა, საერთო ჯამში $45.000.000 დოლარის შეგროვება შეძლეს. "ქველმოქმედება ჩემი კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილია, - ამბობს ჰელმუტი, - ბოლო დროს რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშეც ჩაერთო ამ საქმიანობაში. ამას კი უამრავი ბენეფიტი აქვს, როგორც მოთამაშეებისთვის, ისე ზოგადად პოკერისთვის, საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის და, რაც ყველაზე მთავარია, იმ ადამიანებისთვის, ვისზეც ეს თანხები იხარჯება."