ტომ დუანი პოლ ფუას საიტის სახე ხდება
აზიური ჰაი სტეიკს ქეშ-გეიმების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და რეგულარული მოთამაშე, პოლ ფუა კვლავ საქმეშია. მალაიზიელმა ბიზნესმენმა, ჯერ კიდევ 2016 წლის ბოლოს, საკუთარი სატრეინინგო საიტის შესახებ ხმაურიანი რეკლამა გააკეთა. მოგვიანებით, ფუას 'იუთუბის' გვერდიდან ყველა ის ვიდეო გაქრა, სადაც ჩინური წარმოშობის მოთამაშე პოკერის შესახებ საკუთარ ხედვებს გვიზიარებდა. პოლ ფუას თამაშისადმი დილეტანტურმა მიდგომამ პოკერის ელიტაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია: ულიმიტო ჰოლდემის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი, დაგ პოლკი ფუას საიტს ეჭვის თვალით უყურებდა, მაგრამ იმასაც აღნიშნავდა, რომ მსგავსი ნაბიჯები თამაშის პოპულარიზაციას შეუწყობდა ხელს.
რამდენიმე დღის წინ კი მალაიზიელი მოთამაშე კვლავ დაგვიბრუნდა, ამჯერად 'იუთუბის' გვერდის პარალელურად, დასრულებული ვებ-გვერდით: www.paulphuapoker.com, რომლის პირველივე გვერდზე ტომ დუანის სურათის ნახვაა შესაძლებელი.
ფუას საიტზე დუანის გამოჩენა განსაკუთრებულ მოვლენად იმ მიზეზით შეიძლება ჩაითვალოს, რომ თანამედროვე ონლაინ პოკერის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე, რომელმაც ასაკის მიუხედავად ლეგენდის სტატუსის მოპოვება შეძლო, 2013 წლის შემდეგ ფართო პუბლიკის წინაშე აღარ გამოჩენილა. დუანისა და მისი ადგილსამყოფელის შესახებ უამრავი ჭორი ვრცელდებოდა. ნიუ ჯერსელ მოთამაშეზე იმასაც კი ამბობდნენ, რომ ის პოლ ფუამ გაიტაცა. როგორც აღმოჩნდა, ტომ დუანი ჩინურ ტრიადას არც მძევლად აუყვანია და არც მაფიოზური კლანისთვის თამაში დაუძალებია.
"პოლ ფუას თამაშის უკეთ შესწავლის და დახვეწის სურვილი აქვს, - წერს სატრეინინგო საიტზე დუანი, - ის ცდილობს უკეთ ითამაშოს. რაც მთავარია, მას შეცდომების აღიარება არ უჭირს. ფუა დღევანდელობის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ რთულ თამაშებში მონაწილეობს."
"ფუა ერთ-ერთი საუკეთესო არაპროფესიონალი მოთამაშეა, რომლის წინააღმდეგაც მე მითამაშია, - ამბობს ფილ აივი, - არაპროფესიონალი მხოლოდ იმის გამო ითქმის, რომ მას არნახულად წარმატებული ბიზნესი აქვს."





