ჩარლი კარელი PokerStars-ის ექაუნთიდან ფულის გამოტანას ვერ ახერხებს
ინგლისელი მოთამაშისთვის ერთი კვირის წინ დასრულებული EPT Prague საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა: ჩარლი კარელმა ჯერ €50.000 ევროიანი ჰაი როლერის მეორე ადგილისთვის €535.250 ევრო მიიღო, ხოლო €10.000 ევროიანი ჰაი როლერისთვის - €160.000. თუმცა, ფულის მიღება სწორი ფრაზა ნამდვილად არ იქნება. როგორც კარელის 'ფეისბუქისა' და 'ტვიტერის' საშუალებით ირკვევა, მოთამაშისთვის EPT-ის ორგანიზატორ PokerStars-ს ფული ჯერაც არ გადაურიცხავს.
ჯერ კიდევ 24 დეკემბერს, შობის დადგომამდე, 'ტვიტერის' გვერდზე კარელი შექმნილი პრობლემის შესახებ წერდა. ერთი დღის შემდეგ კი, აშკარად განაწყენებულმა მოთამაშემ PokerStars-ს 'ფეისბუქზე' შეუტია: "PokerStars-ის უპასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმის ნაკლებობა სასაცილოა. გაუგებარია, რატომ ვერ მოახერხეს მოგებული თანხის მომენტალურად გადახდა, როდესაც პრაღაში ვიმყოფებოდი? რა საჭირო გახდა მოგებული თანხის დაყოვნება და გადარიცხვა? გარდა ამისა, ისინი პასუხსაც კი არ მცემენ."
კარელს უამრავი გულშემატკივარი გამოეხმარუა, რომელთა შორის პროფესიონალი მოთამაშე კიტი კუოც იყო. როგორც კუო ამბობს, PokerStars-ს პრაღაში გამართული პოკერის ფესტივალიდან მისი €15.000 ევრო მართებს, მაგრამ ისიც იგივე პრობლემის წინაშე დგას.





