პოკერი 2016 წელს: გასული წლის მოულოდნელი მოვლენები
2016 წელი დასასრულს უახლოვდება, რაც გასული 12 თვის მოვლენების შეჯამების საშუალებას იძლევა. მიუხედავად მნიშვნელოვანი ამბებისა, რაც აზარტული თამაშების ინდუსტრიაში მოხდა, პოკერის გულშემატკივრების განსაკუთრებულ ყურადღებას ის ფაქტები იმსახურებენ, რომლებსაც არავინ ელოდა. ასეთები კი გასულ წელს მრავლად იყო. სანამ აზარტული ბიზნესის კულუარებს, რამდენიმე კაზინოსთან დაკავშირებულ სკანდალს, One Drop-ის წარუმატებლობასა და ონლაინ გეიმინგის დიდ მარცხს განვიხილავდეთ, რამდენიმე სიტყვა იმ ცნობილ მოთამაშეებზეც უნდა ითქვას, რომელთა გარშემო განვითარებული მოვლენები ყველასთვის დიდი მოულოდნელობა და სურპრიზი აღმოჩნდა.
მაიკ სექსტონი WPT-ის ტიტულს იგებს - თამაშის უამრავ გულშემატკივარს შეუძლია გაიხსენოს, თუ როგორ დგამდა პირველ ნაბიჯებს დიდი პოკერისკენ მიმავალ გზაზე: ზოგისთვის ასეთი ნაბიჯი High Stakes Poker იყო, გეიბ კაპლანისა და ეიჯეი ბენზას დაუვიწყარი კომენტარებით, ზოგისთვის - Poker After Dark, მაგრამ ძალიან ბევრმა პოკერი სწორედ WPT-ის ლაივ ტურნირებით გაიცნო, რომელსაც ლეგენდარული მაიკ სექსტონი უძღვებოდა. სიმართლე რომ ითქვას, არავის წარმოედგინა, რომ WPT-ის უცვლელი კომენტატორი ოდესმე იმ ტურნირის მოგებას შეძლებდა, რომელმაც ის ვარსკვლავად აქცია. როცა სექსტონი WPT Montreal-ის მეინ ივენთის ფინალურ ჰედს-აპზე გავიდა, მისი ჩემპიონის რანგში ხილვა მაშინაც კი წარმოუდგენელი ჩანდა, მაგრამ Poker Hall Of Fame-ის წევრმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდების დარბაზში ადგილი ნამდვილად დამსახურებულად ჰქონდა დაკავებული.
დენიელ ნეგრანუს რიგით მეორე წარუმატებელი წელი - 2016 წელი დენიელ ნეგრანუს კარიერისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი წელი გამოდგა. მან მხოლოდ $302.452 დოლარის მოგება შეძლო, რაც ძირითადად WSOP-ის ფესტივალიდან მიღებული შემოსავალია. ბევრისთვის ასეთი თანხის მოგება საუკეთესო წლად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ჩვენ დენიელ ნეგრანუზე ვსაუბრობთ - მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად და, შესაბამისად, ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეზე. უკანასკნელად, ნეგრანუს მსგავსი 'ცუდი' პერიოდი 2000 წელს ედგა, როდესაც კანადელმა მხოლოდ $638.000 დოლარის მოგება მოახერხა. 2001 წლიდან მოყოლებული, მისი წლიური მოგების მინიმალური ზღვარი $500.000 დოლარს აღემატება. მაგრამ ნეგრანუს კონტრაქტებისა და პოკერის შოუებიდან მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით, მის წარუმატებლობაზე საუბარი საკმაოდ გაბუქებული იქნებოდა.
კრის ფერგიუსონის დაბრუნება - ე.წ. "შავი პარასკევის" ერთ-ერთი მთავარი ანტიგმირის, ჰოვარდ ლედერერის საზოგადოების წინაშე გამოჩენას მისი წერილი უძღვოდა წინ, სადაც წარსულში 'პროფესორად' წოდებული პოკერის ერთ-ერთი დიდი ფიგურა FullTiltPoker-ის მოთამაშეებსა და პოკერის გულშემატკივრებს ბოდიშს უხდიდა. რამდენად აპატიეს მას წარსულში დაშვებული შეცდომები - უცნობია, მაგრამ მსგავსი სახალხო აღიარება გარკვეულ სიმპათიებს რომ გამოიწვევდა და ლედერერს ხალხში გამოსვლის უფლებას რომ მისცემდა, ნათელი იყო. რასაც არავინ ელოდა, კრის ფერგიუსონის გამოჩენა იყო. მისი ხილვა 2016 წლის WSOP-ის ფესტივალზე იყო შესაძლებელი, სადაც მან ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა, სამაგიეროდ კი ანტიგმირის როლი თავისუფლად იკისრა - ინტერნეტში მრავლად მოიპოვება ვიდეოები, თუ როგორ ეპყრობოდნენ მაგიდასთან მყოფი მოთამაშეები ფერგიუსონს, როგორ შეურაცხყოფდნენ მას და როგორ სთხოვდნენ აღიარებას FullTilt Poker-თან დაკავშირებულ ამბებზე. მიუხედავად ასეთი წნეხისა, აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ კრის ფერგიუსონმა 2016 წლის WSOP-ის 10 ივენთზე მოახერხა ფულში შესვლა, $5.000 დოლარიან ულიმიტო 6-მაქს ივენთზე კი ფინალური მაგიდაც კი ითამაშა.





