ფილ ჰელმუტის გეგმები WPT-ზე
ფილ ჰელმუტს ერთ-ერთი საუკეთესო რეზიუმე აქვს, რაზეც პოკერის მოთამაშემ შეიძლება იოცნებოს - სარეკორდო WSOP-ის ოქროს სამაჯურებით, ტურნირებში დაგროვილი მილიონობით დოლარით, დიდ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტებითა და საავტორო წიგნებით, მაგრამ მის კარიერას ერთადერთი რამ აკლია - WPT-ის ტიტული. როცა ასეთი დონის მოთამაშეს WPT-ის ერთი ტიტულიც კი არ აქვს მოგებული, მაშინვე დავიწყებას ეძლევა WPT-ის 4 ფინალური მაგიდა და WPT-ის მეინ ივენთების საპრიზო ადგილებზე 13-ჯერ გასვლა. WPT Five Diamond World Poker Classic-ზე ლეგენდარულ მოთამაშეს PokerNews-ის ჟურნალისტი ესაუბრა.
რა მოგდის თავში, როცა WPT Five Diamond World Poker Classic-ზე ფიქრობ?
WPT Five Diamond პოკერის სამყაროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურნირია, რომლის მოგებაზეც უარს არავინ იტყოდა, მათ შორის მეც. ჩემთვის, ეს ივენთი, WPT-ის 4 ღონისძიებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომლის მოგებაც დიდი პატივი იქნებოდა. ყოველთვის მინდოდა Legends Of Poker-ის, Bicycle Casino-ს ივენთის, L.A. Poker Classic-ისა და სწორედ Five Diamond-ის მოგება.
რასთან ასოცირდება შენთვის Bellagio?
"ბელაჯიო" ყოველთვის საუკეთესოს გთავაზობს! აქ ნახავ საუკეთესო მოთამაშეებს საუკეთესო ტურნირებზე. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ "ბელაჯიო" ვეგასში მდებარეობს, ხოლო თუ კაზინო კარგ ტურნირებს გთავაზობს, მოთამაშეები, რომლებიც ქალაქში იმყოფებიან, საკუთარ კალენდარში აუცილებლად ინიშნავენ დიდ მოვლენებსა და მიმზიდველ ღონისძიებებს.
რას ნიშნავს მოიგო WPT-ის ტიტული?
ამჟამად ავტობიოგრაფიულ წიგნს ვწერ. ცხოვრებაში უამრავ რამეს მივაღწიე. დარწმუნებული ვარ, რომ WSOP-ზე ნაჩვენები შედეგით 5-6-ჯერ მაინც გავხდებოდი წლის მოთამაშე. WPT-ის მნიშვნელოვანი ღონისძიების მოგება ჩემი კარიერისთვის უმნიშვნელოვანესი მომენტი იქნებოდა. სამწუხაროდ WPT-ის ტურნირებს არც ისე ხშირად ვთამაშობ და, უნდა ვთქვა, რომ არც - პროფესიონალი მოთამაშის შემართებით. ახლა ყველაფრის შეცვლას ვაპირებ: WPT-ზე ძალებს უფრო მეტჯერ მოვსინჯავ და საკუთარ თამაშსაც გადავხედავ.
ტურნირების რაოდენობაზე გააკეთე აქცენტი... WPT-ის ტიტულის მოპოვება, შენი აზრით, მხოლოდ დროის საკითხია?
თუ არ ვცდები, წელიწადში 2-3 ივენთს ვთამაშობ. ამ დროს კი არიან ადამიანები, რომლებიც წელიწადში 15-20 ივენთზე რეგისტრირდებიან. რა თქმა უნდა, მოგების შანსი მათ უფრო დიდი აქვთ. წარუმატებელი WSOP-ის შემდეგ, როგორც წესი, სხვა ტურნირებზეც წარუმატებლად ვთამაშობ. თუ ივნისი-ივლისი ცუდი გამომივიდა, მთელი წელი ასე გრძელდება. ამ ყველაფრის გამოსწორება და დაბალანსება WPT-ის ტურნირებით უნდა შევძლო.





