ფილ აივი კაზინოსთვის ფულის დაბრუნებას არ აპირებს
რამდენიმე დღის წინ ფილ აივიმ ოფიციალურად განაცხადა უარი კაზინო Borgata-სთვის $9.6 მილიონი დოლარის დაბრუნებაზე. ლეგენდარულ მოთამაშეს, მასსა და კაზინოს შორის მიმდინარე დაპირისპირება, კვლავაც სასამართლოს დარბაზში გადააქვს და სარჩელის მომზადებას აპირებს. შეგახსენებთ, რომ Borgata, აივის, 2012 წელს გამართული ბაკარას სესიაზე მოგებულ თანხას ედავება და მას ბრალს ე.წ. edge-sorting-ში სდებს.
Borgata-ს ხელმძღვანელობას მსგავსი პრეცედენტის მაგალითად Golden Nugget-ის საქმე მოაქვს, როდესაც რამდენიმე მოთამაშე იძულებული გახდა კაზინოს შაფლერის (კარტების ამრევი მოწყობილობა) მიერ დაშვებული შეცდომის გამო მოგებული თანხა კაზინოსთვის დაებრუნებინა. აივისა და მისი მოწინააღმდეგე კაზინოს შემთხვევაც დაახლოებით Golden Nugget-ში განვითარებულ ისტორიას ჰგავს: აივიმ კაზინოს მესვეურებს რამდენიმე პირობის დაკმაყოფილება მოსთხოვა, რომელთა შორის მის მიერ მითითებული სათამაშო კარტის გამოყენება იყო. კაზინოს თანამშრომლები მოთამაშის ამ ულტიმატუმს დათანხმდნენ, ხოლო აივიმ ბანქოს კუთხეებზე არსებული ხარვეზები მისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად გამოიყენა, რამაც მის გადაწყვეტილებებზე და შესაბამისად თამაშის შედეგზე მოახდინა გავლენა.
ფილ აივი გასამართლებელ არგუმენტად სწორედ მოსამართლის სიტყვას იყენებს, რომლის მიხედვითაც აივის კაზინოს არცერთი წესი არ დაურღვევია და რომ კაზინო მის ყველა მოთხოვნას ნებაყოფლობით დათანხმდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა აივის ნათამაშები სესიის სტატისტიკის დეტალები: აივიმ 864 დარიგება მოიგო, 822 წააგო, ხოლო 184 ფრე ითამაშა. Borgata-ს ხელმძღვანელობა სწორედ ამ სტატისტიკაზე მიუთითებს და ამბობს, რომ აივიმ მსგავსი "თაღლითური სქემით" საკუთარი მოგების შანსები მკვეთრად გაიუმჯობესა.
"ჩვენ გვაქვს არგუმენტები და სწორედ ამის დამტკიცებას ვცდილობთ: edge-sorting-ის გამოყენება მოთამაშეს საშუალებას აძლევს საკუთარი ბეთინგის ხაზი აკონტროლოს, რაც გარკვეულ უპირატესობას იძლევა, მაგრამ მოგებული დარიგებების რაოდენობაზე ის ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს, - ამბობს ფილ აივი, - სასამართლოს მიერ ბრალდებულების პასუხისმგებლობაზე გაკეთებული განცხადება ფულის დაბრუნების საფუძველი ვერ გახდება."