ფილ აივი ბრიტანულ ფრონტზეც მარცხდება
WSOP-ის 10 ოქროს სამაჯურის მფლობელი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ფილ აივი, რამდენიმემილიონიან ბრძოლას ორ ფრონტზე - ამერიკის Atlantic City Casino-თან და ლონდონის Crockfords Casino-თან აწარმოებს. სამწუხაროდ, მოთამაშისთვის იმედისმომცემად არცერთი მათგანი არ გამოიყურება.
გასულ თვეში, ფედერალურმა მოსამართლემ აივის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა: სასამართლოს განჩინების მიხედვით, აივიმ და მისმა კომპანიონმა შტატის სათამაშო კანონმდებლობა უხეშად დაარღვიეს, რის გამოც მის მიერ მოგებული თანხა არაკანონიერად ჩაითვალა. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ აივის კაზინოსთვის $10.000.000 დოლარის დაბრუნება მოუწევს.
როგორც გუშინ გახდა ცნობილი, აივიმ მეორე სასამართლო პროცესიც წააგო, რომელშიც ლეგენდარული მოთამაშე ლონდონურ კაზინოს £7.7 ფუნტ სტერლინგს ედავებოდა. 2012 წელს, აივიმ, Atlantic City Casino-ს მსგავსად, ლონდონშიც, ბაკარას მაგიდებთან იგივე ტექნიკის გამოყენებით £7.7 ფუნტი სტერლინგი ($9.6 მილიონი დოლარი) მოიგო. კაზინომ მისი მოგება უკანონოდ ჩათვალა და ფულის გადახდაზე უარი განაცხადა, რის გამოც აივი იძულებული გახდა, კაზინოს წინააღმდეგ საჩივარი შეეტანა.
"სასამართლოს გადაწყვეტილება და პოზიცია საკმაოდ უცნაურია, - ამბობს აივი, - მოსამართლის განმარტებით, რომელსაც სხვა მოსამართლეებიც დაეთანხმნენ, ჩემი საქციელი არაკეთილსინდისიერი არ ყოფილა. მაგრამ გადაწყვეტილება მაინც ჩემ წინააღმდეგ მიიღეს. გაუგებარია, თუ მე ვთაღლითობდი, როგორ გამოიყურება კეთილსინდისიერი და პატიოსანი თაღლითობა?" მოთამაშის განცხადებით, ის, მიღებული გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.





