ფილ ჰელმუტის ახალი წიგნი "Poker Brat"
Poker Hall Of Fame-ის წევრი, WSOP-ის 14 სამაჯურისა და 1989 წლის WSOP Main Event-ის გამარჯვებული ფილ ჰელმუტი ახალ საქმეს ჰკიდებს ხელს: New York Times-ის მიერ ბესთსელერად აღიარებული წიგნის Play Poker Like The Pros-ის თანაავტორი, ავტობიოგრაფიული წიგნის მზადებას შეუდგა. მიუხედავად იმისა, რომ ჰელმუტი ყველასთვის პოკერთან ასოცირდება, საწერი მაგიდა მისთვის უცხო ნამდვილად არ არის: პოკერის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მოთამაშე უკვე ათწლეულზე მეტია, რაც ასეულობით ნათამაშები ხელის ანალიზსა და მისეულ ხედვას ყოველკვირეულ ბლოგში აღწერს; გარდა ამისა, ის რამდენიმე ცნობილი გამოცემაში პოკერის სვეტის მუდმივი ავტორია, რაც მის ახალ ამოცანას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. თუმცა, ამჯერად ყველაფერი გაცილებით პირადული იქნება.
"ეს წიგნი აღწერს იმას, თუ როგორ გადავიტანე ჩემი ცხოვრების ურთულესი მომენტები, - ყვება ჰელმუტი, - სკოლაში საკმაოდ ბევრ პრობლემას შევეჩეხე. ხელებზე მეჭეჭები მაწუხებდა, რის გამოც ადრეულ წლებში ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან მირთულდებოდა. მეჭეჭების გაქრობის შემდეგ აკნემ შემომიტია. სკოლაში თავს სრულ ლუზერად ვთვლიდი, ძალიან დაბალი თვითშეფასება მქონდა. მაგრამ მიხუედავად ამისა, 24 წლის ასაკში მოვახერხე პროფესიონალ მოთამაშედ ჩამოყალიბება და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. წიგნში იმაზეც იქნება საუბარი, თუ როგორ ვიტანჯებოდი ჩემი მოზღვავებული ამბიციით."
იქმნება შთაბეჭდილება, რომ წიგნი ახალგაზრდა მოთამაშეების მოტივაციას ემსახურება, მაგრამ ჰელმუტის გეგმებთან გაცნობის შემდეგ, ყველაფერი ნათელი ხდება - "ჩემი შემდეგი წიგნი მთლიანად პოზიტივზე იქნება ორიენტირებული. არ მგონია, რომ სამოტივაციო წიგნების ავტორებს ბევრი კარგი რამ ჰქონდეთ ცხოვრებაში გაკეთებული. ვიცი, რომ მე უამრავი რამ გავაკეთე, რაც სხვებზე დადებითად იმოქმედებდა, მაგრამ Poker Brat სწორედ შემდეგი წიგნის წინაპირობაა. ჯერ კი იმაზე უნდა მოვყვე, თუ რა სახის სირთულეები იდგა ჩემი წარმატების უკან."
წიგნის პირველი 70.000 სიტყვა, ფილ ჰელმუტს უკვე 2010 წლისთვის ჰქონდა დაწერილი. წიგნის გამოცემა 2011 წელს იგეგმებოდა, მაგრამ ე.წ. Black Friday-ის მოვლენების შემდეგ, პოკერსა და მოთამაშეებსაც მძიმე დრო დაუდგათ. ახლა კი, წიგნის დაბეჭდვას D&B Publishing გეგმავს, რომლის მოთხოვნითაც, ავტორს რამდენიმე მნიშვნელოვანი თავის დამატება ევალება. წიგნი 2017 წლის იანვარ-თებერვლისთვის გამოვა. "1993 წლის მოვლენების ჩათვლით ყველაფერი აღვწერე. ახლა კი ვზივარ და ძველ ნაწერს ვასწორებ და შემდეგი წლების აღწერას ვცდილობ." როგორც ჰელმუტი ამბობს, წიგნში მოთხრობილი იქნება, თუ როგორ შეინარჩუნა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ლეგენდარულმა მოთამაშემ თავისი სიმაღლე იმ პირობებში, როცა თამაში გამუდმებით იცვლება, ვითარდება და რთულდება.





