მაიკ მატუსოუმ FullTiltPoker-ისა და პოკერის დიდების დარბაზის შესახებ ისაუბრა

გასულ კვირას, მაიკ მატუსოუმ - ვეტერანმა ჰაი სტეიკს მოთამაშემ, რომელიც დიდ პოკერში უკანასკნელი რამდენიმე ათწლეული აქტიურადაა ჩართული, PokerNews-ის აუდიო პოდკასტის ფარგლებში უამრავ საინტერესო თემაზე ისაუბრა. სიმართლე ითქვას, მისგან ღია და გულახდილი ინტერვიუ არავისთვის ყოფილა უცხო - მატუსოუ ერთ-ერთია იმ მოთამაშეებისგან, რომლებიც დაუფარავად ამბობენ სათამაშო ინდუსტრიის ყველაზე წვრილმან და დაფარულ დეტალებსაც კი.

პირველ რიგში, მატუსოუმ, ონლაინ პოკერისადმი მის დამოკიდებულებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ლას ვეგასში ცხოვრება სწორედ იმითაა გამორჩეული, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია საინტერესო თამაშის მოძებნა; ონლაინ პოკერი კი, მისთვის, მომაკვდინებელ დაავადებად იქცა, რომლისგანაც რამდენიმე წელია თავს იკავებს. როგორც ვეტერანი გემბლერი ამბობს, ონლაინ მაგიდებზე უამრავი მცდელობის მიუხედავად, მან წარმატებას ვერ მიაღწია და მილიონობით დოლარი დაკარგა. 

FullTiltPoker-ის სკანდალს რაც შეეხება, მატუსოუმ მთელი პასუხისმგებლობა ჰოვარდ ლედერერს დააკისრა, რომელმაც არეულობის დაწყების დროს განაცხადა, რომ თუ კომპანიას ამერიკის ბაზრის დატოვება მოუხდებოდა, ისინი მზად იყვნენ მოთამაშეებისთვის განკუთვნილი თანხა უკან დაებრუნებინათ და ამისთვის რეზერვში არსებულ $500 მილიონ დოლარზეც კი იყო საუბარი. კრის ფერგიუსონის დანაშაული კი, მატუსოუს აზრით, მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ მან კომპანია არასწორ ადამიანებს ანდო.

მან ასევე ისაუბრა 2016 წლის პოკერის დიდების დარბაზზე, რომლის 10 ფინალისტს შორისაც ის ვერ მოხვდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მას არ დაუფარავს უკმაყოფილება WSOP-ის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფინალურ ეტაპზე კრის მანიმეიკერი და კრის ბიორნის მსგავსი მოთამაშეები მოხვდნენ. Poker Hall Of Fame-ის ჟიურის გადაწყვეტილება მართლაც უცნაურია: მაიკ მატუსოუს კარიერა WSOP-ის 4 ოქროს სამაჯურსა და ლაივ ტურნირებზე მოგებულ $9 მილიონ დოლარს ითვლის. აღსანიშნავია, რომ ეს მოგებები $10.000 დოლარზე ნაკლები ბაი-ინის მქონე ტურნირებიდან მოდის, რაც ტურნირების რაოდენობასა და მოთამაშის აშკარა წარმატებაზე მეტყველებს.

რუმები

ქართული უცხოური