ფილ გალფონდი მოთამაშეთა საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის

სულ რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული მოთამაშე, ფილ გალფონდი საკუთარი პოკერ-რუმის გახსნას გეგმავდა. როგორც თავად გალფონდისგან ხდება ცნობილი, მას მაქსიმალურად გამჭვირვალე პოკერ-რუმის შექმნა სურს, რომელიც მთლიანად იქნება ორიენტირებული მოთამაშეებზე. სავარაუდოდ. ახალი პლატფორმის გაშვებას ახლო მომავალში არ უნდა ველოდოთ, მაგრამ პოკერის ლეგენდამ უკვე ჩამოაყალიბა გარკვეული კონცეფცია იმის შესახებ, თუ რა ტიპის რუმთან გვექნება შეხება. 

RunItOnce.com-ზე გამოქვეყნებულ ბლოგში, გალფონდმა, სპეციალურად შექმნილი ორგანოს - მოთამაშეთა საბჭოს შესახებ ისაუბრა, რომელიც საიტის მენეჯმენტის უმაღლეს რგოლს მოთამაშეთა მოსაზრებებს, შეკითხვებსა და იდეებს მიაწვდის: "ჩვენ და მოთამაშეთა საბჭოს გვექნება რეგულარული შეხვედრები პოკერ-რუმის პროდუქტების, სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ. განვიხილავთ მოთამაშეთა შეთავაზებებს რეიკბექთან, VIP სისტემასთან, მოთამაშეთა ფონდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ ასეთი საქმისთვის სჯობს მოხალისეთა გუნდის შექმნა, რადგან თუ მსგავსი სამუშაო ანაზღაურებადი გახდება, მაშინ ამ პოზიციის მიმართ ადამიანების დამოკიდებულებაც შეიცვლება და ეს ყველაფერს ბიუროკრატიულ ჩარჩოებში დააბრუნებს. რა თქმა უნდა, იმ ხარჯებს, რომელიც მოთამაშეთა საბჭოსთან შეხვედრებისთვის და მოგზაურობისთვის იქნება საჭირო, მთლიანად პოკერ-რუმი დაფარავს. საბჭოში ისეთი ადამიანები უნდა შედიოდნენ, რომლებსაც პოკერის წრეებში იცნობენ, აქტიურები არიან ფორუმებზე და რეალურად აქვთ ინტერნეტ სივრცეში თამაშის გამოცდილება. პროფესიონალურ დონეზე თამაში აუცილებლობას არ წარმოადგენს, მაგრამ სხვადასხვა ლიმიტსა, ან პოკერის სხვადასხვა სახეობაში მიმდინარე მოვლენებსა და პრობლემებს კარგად უნდა იცნობდნენ."

შეგახსენებთ, რომ ფილ გალფონდი და მისი გუნდი, რომელიც RunItOnce-ს წარმოადგენს, ონლაინ პოკერ-რუმის გახსნას გეგმავს. გალფონდის აზრით, ონლაინ ოპერატორმა, ახალი მოთამაშეების მოზიდვის პარალელურად, რეგულარულ მოთამაშეებსა და მათ ინტერესებზე უნდა იზრუნოს. PokerStars-ზე განხორციელებული ცვლილებები, რომელსაც რუმის მენეჯმენტი ახალი მოთამაშეების მოზიდვის პოლიტიკით ხსნის, უამრავი რეგულარისა და პროფესიონალის უკმაყოფილების საგანი გახდა. ფილ გალფონდი ერთ-ერთი პირველი მოთამაშე იყო, რომელმაც PokerStars-ის ახალი რეიკბექ სისტემა გააპროტესტა. 

რუმები

ქართული უცხოური