ბრაიან რასტი შელდონ ადელსონს $2 მილიონიან დუელში იწვევს
როგორც Yahoo Finance Canada-სთვის მიცემულ ინტერვიუში შელდონ ადელსონი ამბობს, პოკერი არა უნარებსა და ცოდნაზე, არამედ იღბალზე დაფუძნებული თამაშია. ადელსონი სათამაშო ინდუსტრიის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურაა, რომელიც The Las Vegas Sands Corporation-ს, ვეგასში მდებარე კაზინოებსა და მაკაუს სათამაშო ბიზნესის მნიშვნელოვან ნაწილს ფლობს. მისი ქონება $30 მილიარდი დოლარითაა შეფასებული.
აღნიშნულ განცხადებაზე განაწყენებული ჰაი როლერი, ბრაიან რასტი კი, თავის მხრივ, ადელსონის $2 მილიონიან დუელში გამოწვევას გეგმავს. Yahoo Finance Canada-ის სტატია Daily Fantasy Sports-ის მზარდ პოპულარობას შეეხება. შელდონ ადელსონის აზრით, DFS, პოკერის მსგავსად, გემბლინგია და არა ცოდნასა და უნარებზე დამოკიდებული თამაში - "ზოგი თვლის, რომ პოკერს იღბალთან არაფერი აქვს საერთო. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ამბობენ, რომ პოკერი ცოდნას ეყრდნობა. როცა ვინმე ბანქოს მთელ დასტას ჩეხავს, იქედან კი შემთხვევით კარტებს არიგებს, რომელზეც არავის არანაირი კონტროლი არ აქვს, როგორ შეიძლება ასეთი თამაში გემბლინგად არ ჩაითვალოს? რა თქმა უნდა, ვიღაც უკეთეს ბლეფს აკეთებს, მაგრამ ეს პოკერს სულაც არ აქცევს ცოდნისა და გამოცდილების თამაშად."
შელდონ ადელსონის ქონების უმეტესი ნაწილი სწორედ იმ პროფესიონალი გემბლერების ფულითაა შევსებული, რომლებიც ვეგასის კაზინოებში დიდ თანხებს აგებენ. ადამიანისგან, რომელიც აზარტულ ბიზნესშია ჩართული, საკმაოდ უცნაურად ჩანს გემბლინგის წინააღმდეგ მსგავსი გალაშქრება, მაგრამ ადელსონი ამას თავისებურად ხსნის: "ნებისმიერი შეიძლება თამაშზე დამოკიდებული გახდეს, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ DFS-ისა და ონლაინ პოკერის მოყვარულებს მსგავს გასართობებზე ინტერნეტით წვდომა შეუძლიათ. პირველ რიგში კი ამით მოზარდები, კოლეჯის სტუდენტები და საშუალო კლასის ადამიანები ზიანდებიან."
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხებზე კამათი დაუსრულებლად მიმდინარეობს, ლას ვეგასის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი პროფესიონალი მოთამაშე, ბრაიან რასტი, სათამაშო ინდუსტრიის მაგნატის ჰედს-აპ მატჩში გამოწვევასა და იმის დამტკიცებას გეგმავს, რომ პოკერი სრულადაა დამოკიდებული ცოდნასა და გამოცდილებაზე. რასტის ლაივ ტურნირებიდან მიღებული შემოსავალი $18 მილიონ დოლარს შეადგენს, უცნობია ონლაინ ქეშ-გეიმებზე მოგებული თანხის შესახებ, რომელიც ასევე სოლიდური ციფრი უნდა იყოს.