დევიდ ბააზოვი PokerStars-ის მფლობელ კომპანიას ტოვებს
Amaya Inc-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ოფიციალურად ადასტურებს კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ბააზოვის თანამდებობიდან წასვლას. PokerStars-ის მფლობელმა კომპანიამ ბააზოვის შემცვლელი დაასახელა - რაფი აშკენაზი.
"მე ვამაყობ იმ წვლილით, რაც მე Amaya-ს წარმატებულ კომპანიად ჩამოყალიბებაში შევიტანე. მე კვლავ დავრჩები Amaya-ს პოლიტიკისა და მსოფლმხედველობის ერთგულ გულშემატკივრად". თავის მხრივ, კომპანიის წარმომადგენლებმა, ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს წლების განმავლობაში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. მიუხედავად ბააზოვის წასვლისა, ის კვლავაც რჩება Amaya Inc-ის უმსხვილეს აქციონერად, რაც მას, კომპანიის პოლიტიკაში, მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანის საშუალებას აძლევს.
მიმდინარე წლის მაისში, კვებეკის ფინანსური რეგულაციების სამსახურმა, ბააზოვის წინააღმდეგ, საქმე სასამართლოში შეიტანა - კანადის პროვინციის ფინანსური რეგულაციების სამსახური, ბააზოვს, Amaya Inc-ის კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენებით, რომელზე წვდომაც სხვა აქციონერებსა და ინვესტორებს არ ჰქონდათ, ფინანსური სარგებლის მიღებაში ადანაშაულებდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დევიდ ბააზოვს, $25 მილიონ დოლარამდე ჯარიმა და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. თუმცა, ბააზოვმა უდანაშაულობის დამტკიცება და უმძიმესი სიტუაციიდან სუფთად გამოსვლა მოახერხა. აზარტული თამაშების ინდუსტრიის ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ბააზოვის Amaya-დან წასვლის მიზეზი, სწორედ მისი სკანდალში გახვევა და რეპუტაციის შემლახველი ბრალდებები შეიძლება იყოს.
Amaya-ს მიერ გაკეთებულ პრესრელიზში, საიდანც ბააზოვის თანამდებობის დატოვების შესახებ გახდა ცნობილი, 2016 წლის ფინანსური რეზულტატებიცაა შესული. როგორც ირკვევა, ონლაინ პოკერიდან მიღებული შემოსავალი, გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვანდაა შემცირებული, მაშინ როცა ტოტალიზატორებიდან და ონლაინ კაზინოს თამაშებიდან მიღებული შემოსავალი, გასული წლის 12%-იანი მაჩვენებლის შემდეგ, 21%-მდეა გაზრდილი.