დაგ პოლკი ტომ დუანს აკრიტიკებს; დონალდ ტრამპის მრჩეველი პოკერის მოთამაშე იქნება
დენიელ ნეგრანუს შემდეგ, დაგ პოლკის ვიდეო ბლოგში ტომ დუანის ჯერიც დადგა. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჰედს-აპის მოთამაშე, ამჯერად, ტომ დუანის წინააღმდეგ გამოდის და მას უვადოდ გადადებული Durrrr Challenge-ის გამო აკრიტიკებს. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ FullTiltPoker-ის არსებობის დროს, ე.წ. Black Friday-ის მოვლენებამდე, ტომ დუანმა 3:1 მოგების შანსებით, Durrr Challenge გამოაცხადა. თამაშის პირობები ასეთი იყო: ულიმიტო ჰოლდემის ჰედს-აპზე, ტომ დუანი ნებისმიერ მოთამაშეს სამმაგ თანხას გადაუხდიდა, თუ 50.000 დარიგებაში მის დამარცხებას შეძლებდნენ. მინიმალური შესატანი $500.000 დოლარი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი მოწინააღმდეგე $1.500.000 დოლარს მიიღებდა. ერთადერთი მოთამაშე, რომელთან თამაშზეც დუანი უარს ამბობდა, ფილ გალფონდი იყო. პირველი ჩელენჯერი ლეგენდარული პატრიკ ანტონიუსი აღმოჩნდა, რომელმაც დუანთან $2 მილიონ დოლარზე მეტი წააგო. ტომ დუანის უკანასკნელი მეტოქე კი დენიელ ქეითსი იყო. 19.000 დარიგების შემდეგ, დენიელ ქეითსს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს მოპოვებული, მაგრამ თამაში რამდენიმე წელია შეჩერებულია. როგორც დაგ პოლკი ამბობს, მოთამაშეებმა ფული ფილ აივის ანდეს, რომელმაც შუამავლობა საკუთარ თავზე აიღო. პოლკის აზრით, თამაში, ტომ დუანის სურვილით, არასდროს დასრულდება. Durrrr Challenge-ს დაგ პოლკი პოკერის ისტორიაში ყველაზე დიდ თაღლითურ სქემას უწოდებს, რა თქმა უნდა, FullTilt-ის გაკოტრებისა და მოთამაშეების კუთვნილი მილიარდების გაქრობის შემდეგ.
ამერიკის პრეზოდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი, 13 ადამიანს ასახელებს, რომლებიც მისი გამარჯვების შემთხვევაში, პრეზიდენტის ფინანსურ მრჩევლებად დაინიშნებიან. მათ შორის მოხვდა მილიარდერი ენდი ბილი, რომელმაც პოკერის სამყაროში სახელი ყველაზე ძვირადღირებულ თამაშებში მონაწილეობით გაითქვა. ჯერ კიდევ 2000 წლების დასაწყისში, ჯენიფერ ჰერმანისა და დოილ ბრანსონის წინააღმდეგ, ლიმიტირებული ჰოლდემის თამაშზე ლეგენდები დადიოდა. როგორც ჰერმანი იხსენებს, მაშინდელი თამაშის ლიმიტი $25.000/$50.000 დოლარი იყო. ბილის წინააღმდეგ მან და ბრანსონმა ჯერ $2 მილიონი დაკარგეს, შემდეგ კი გათანაბრება მოახერხეს, რასაც თამაშის მომენტალური შეწყვეტა მოჰყვა. ჯერჯერობით, ეს იყო პოკერის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული თამაში, რაც კი ოფიციალურად დაფიქსირებულა.
როგორც ენდი ბილი NewYorkTimes-თან ინტერვიუში ამბობს, ბიზნესი შემდეგნაირად მუშაობს: თუ საკუთარი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის რომელიმე კანდიდატურაზე არჩევანი შეაჩერე, შენ მას არ ეკითხები შემდეგი წლების განმავლობაში გადასადგმელი თითოეული ნაბიჯის შესახებ. შენ უბრალოდ ენდობი მას და გჯერა, რომ ის ყველაფერს კეთილსინდისიერად გააკეთებს. "მე ბევრი არაფერი ვიცი დონალდ ტრამპის პოლიტიკური ხედვების შესახებ, - ამბობს ენდი ბილი, - შეიძლება ეს არანორმალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასეა. უბრალოდ, მჯერა, რომ ამერიკის ეკონომიკისთვის ის სწორ ნაბიჯებს გადადგამს."





