WSOP 2016: მეინ ივენთზე 27 მოთამაშეა დარჩენილი
2016 წლის მეინ ივენთი ფინალური სტადიისკენ სულ უფრო სწრაფად მიიწევს. ამჟამად, წლის მთავარი სატურნირო მოვლენის ეპიცენტრში 27 მოთამაშეა დარჩენილი. ჩიპლიდერის სტატუსს ჩეხი მოთამაშე, ვოიტეკ რუზიკა ფლობს, რომელმაც ჩიპების დიდი რაოდენობის აკუმულირება ორი მოთამაშის ზედიზედ გაგდების შემდეგ მოახერხა. რუზიკა 26.415.000 ჩიპის მფლობელია, რითიც ის მაიკლ რუანსა და PocketFive-ის რეიტინგში ყოფილ პირველადგილოსან მოთამაშეს, კლიფ ჯოზეფის სულ მცირედით უსწრებს. მაიკლ რუანმა სათამაშო დღე 5.605.000-იანი სტეკით დაიწყო და 24.565.000 ჩიპით დაასრულა; კლიფ ჯოზეფიმ კი 23.860.000-იანი სტეკის აშენება შეძლო, რომელიც მომდევნო სათამაშო დღის მესამე პოზიციიდან გაგრძელების საშუალებას მისცემს.
"ბევრი არაფერი გამიკეთებია, - ამბობს კლიფ ჯოზეფი, - ის დიდი დარიგებებიც კი არ მახსოვს, რომელთა მოგებაც შევძელი. იმდენად მიმართლებდა, რომ ჩემი საქმე მხოლოდ მაგიდაზე ჩიპების დადებაში მდგომარეობდა. თუ ბიგ ბლაინდის დაცვას გადავწყვეტდი, სწორ ფლოპს ვიღებდი. ეს იყო და ეს. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, მე ერთადერთი მოთამაშე ვარ დარჩენილთაგან, რომელიც WSOP-ის სამაჯურს ფლობს. ასე რომ ჩემი აფეთქება, ცუდ ხასიათზე დადგომა და ტილტი, ფაქტიურად, წარმოუდგენელია."
თუმცა, კლიფ ჯოზეფი ერთადერთი გამოცდილი მოთამაშე არაა, ვინც სამაჯურისთვის ბრძოლას განაგრძობს. 2009 წლის 'ნოემბრის ცხრიანის' მონაწილე, ანტუან საუთი კვლავ აქტიურ მოთამაშეთა სიაშია. თუ ის მიმდინარე სერიების ფინალურ მაგიდაზე თამაშს შეძლებს, მარკ ნიუჰაუსის შემდეგ ის ერთადერთი მოთამაშე იქნება, ვინც 'ნოემბრის ცხრიანში' შესვლა ორჯერ მოახერხა. "2009 წლის მეინ ივენთთან შედარებით,ყველაფერი განსხვავებულია, - ამბობს საუთი, - განსხვავებულია იმიტომ, რომ მე ახლა პროფესიონალი მოთამაშე ვარ. უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში აქტიურად ვთამაშობდი ტურნირებს და საკმაო გამოცდილება დამიგროვდა. მიმდინარე ივენთზე საკმაოდ კარგად ვთამაშობ, მაგრამ ხვალინდელი დღისთვის მხოლოდ 27 ბიგ ბლაინდი მაქვს დარჩენილი."