$18 მილიონის მოგების შემდეგ, ფედორ ჰოლცი პროფესიონალურ პოკერს ტოვებს
სამშაბათ საღამოს, გერმანელი პროფესიონალი მოთამაშე, ფედორ ჰოლცი სცენაზე იდგა და $111.111 დოლარიანი One Drop ტურნირის მოგებისთვის მილოცვებს ღებულობდა. სამადლობელ სიტყვაში, ჰოლცმა მისი მეგობრები, ოჯახის წევრები და ის ადამიანი მოიხსენია, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში მისთვის განკუთვნილ კერძებს ამზადებდა. თუ ჰოლცი 2016 წლის WSOP-ის მეინ ივენთზე საპრიზო ადგილს დაიკავებს, ეს იქნება უკანასკნელი ცნობა დიდი გერმანელი მოთამაშის შესახებ, რომელსაც პოკერის სამყარო გაიგებს. "პროფესიონალი მოთამაშის კარიერის გაგრძელებას აღარ ვაპირებ" - თქვა ტურნირის მოგების შემდეგ ჰოლცმა.
უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში, ფედორ ჰოლცმა $10.000.000 დოლარზე მეტი მოიგო. როგორც მოთამაშე აცხადებს, ამ ყველაფრით პოკერის მოთამაშის კარიერა დასრულებულია. ჰოლცი კიდევ უამრავ სფეროში აპირებს საკუთარი ძალების მოსინჯვასა და ნიჭის აღმოჩენას. როგორც ზემოთ ვახსენეთ, ჰოლცს, მეინ ივენთზე კიდევ აქვს დარჩენილი 93.300 ჩიპი. 22 წლის მოთამაშე, ახალი გატაცების აღმოსაჩენად, ხანგრძლივ მიზნებს სახავს: "ზუსტად არ ვიცი რას ვაპირებ. ახალი სფეროს მოძებნა - აი ეს არის ჩემი უახლოესი ამოცანა. ვფიქრობ, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა, ამ მისიის შესრულებაში, მნიშვნელოვნად დამეხმარება. უამრავ რამეში მინდა ჩემი თავის გამოცდა."
ბოლო 14 თვის მანძილზე, ჰოლცმა $18.051.950 დოლარი დააგროვა. ასეთი ბანკროლი კი, ახალი გზებისა და გატაცებების აღმოსაჩენად, ნამდვილად საკმარისი უნდა იყოს. "ჩემი აზრით, ადამიანების უდიდესი პრობლემა ისაა, რომ მათ საკუთარი არჩევანისა და შესაძლებლობების შესახებ არასრული ინფორმაცია აქვთ, - ამბობს ჰოლცი, - ადამიანებს ძალიან სპეციფიური სამსახურები აქვთ. პოკერში უამრავი სხვადასხვა სფეროდან გჭირდება ცოდნა და ძალიან განსხვავებულ სიტუაციებში გიწევს გამოცდილების მიღება. ვფიქრობ, კიდევ უამრავი რამ არსებობს სამყაროში, რითიც გაცილებით დიდ სიამოვნებას მივიღებ, ვიდრე პოკერის თამაშით."
ფედორ ჰოლცის თავბრუსდამხვევი 14 თვიანი აფსვინგი, უმეტესწილად, ძვირადღირებული ტურნირებისგანაა შემდგარი, რომლებზეც შედარებით ნაკლები რაოდენობის მოთამაშე რეგისტრირდება. მაგალითად, Aria Super High Roller-ის 4-ჯერ მოგების შემდეგ, ჰოლცს, $1.300.000 დოლარი დაუგროვდა, ხოლო ოთხივე ტურნირის მონაწილეთა რაოდენობას თუ შევკრებთ, გერმანელი გრაინდერი მხოლოდ 106 მოთამაშეს დაუპირისპირდა. "ის თანხა, რაც მე უკანასკნელი თვეების განმავლობაში მოვიგე, ასეთ მოვლენას წარმოუდგენლად და დაუჯერებლად აქცევს, მაგრამ პოკერში ბევრად დაუჯერებელი ამბები ხდება, ვიდრე 40 კაციანი ტურნირების ზედიზედ მოგება."
პოკერის მოთამაშის მიერ პროფესიული კარიერის დატოვება უცხო მოვლენა ნამდვილად არაა. მაიკ მაკდონალდმა და შონ დიბმა უკვე სცადეს იგივე, მაგრამ მალევე დაუბრუნდნენ დიდ თამაშს. "მოდით ასე ვთქვათ: წელიწადში 2000-3000 საათს ვუთმობ პოკერის თამაშს, გამუდმებით პოკერზე ვსაუბრობ და მის გარშემო ვტრიალებ. სინამდვილეში, დაახლოებით 400 საათი იქნება ისეთი, რომელიც მართლაც მსიამოვნებს, დანარჩენი დრო კი ჩვეულებრივი სამუშაოა. პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ, შემეძლება სწორედ ეს 400 საათი მივიღო, ნაცვლად დამღლელი შრომისა, რომელიც პროფესიონალი მოთამაშის კარიერას ახლავს თან."