დენიელ ნეგრანუ კრის ფერგიუსონს კიდევ ერთხელ უპირისპირდება
Full Tilt Poker-ის დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი, კრის ფერგიუსონი, ჟურნალისტების კითხვებიზე პასუხის გაცემისგან კვლავაც თავს იკავებს. ამ ფაქტმა უამრავი პოკერის გულშემატკივრის, მათ შორის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ვარსვკლავის, დენიელ ნეგრანუს უკმაყოფილება გამოიწვია. "მე მიმტევებელი ადამიანი ვარ, - ამბობს ნეგრანუ PokerNews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, - მაგრამ ამისთვის, როგორც წესი, პატიების თხოვნაა საჭირო. აშკარაა, რომ ფერგიუსონს ფეხებზე კიდია ხალხის აზრი, როცა ისინი ბოდიშის მოხდას თხოვენ."
"ნება მომეცი აგიხსნა, კრის: შენ იყავი დიდი კომპანიის ნაწილი და ხალხისგან ნდობას ითხოვდი. ამ კომპანიის ხარჯზე მილიონობით დოლარი გააკეთე და სიტუაციის არევის შემდეგ 5 წლით გაქრი. ახლა კი ყოველგვარი კომენტარისგან და ახსნა-განმარტებისგან თავს იკავებ. არ აქვს მნიშვნელობა დამნაშავე ხარ თუ არა - თუ პასუხისმგებლობის აცილებას ცდილობ ე.ი. ხარ! თუ არ ფიქრობ, რომ ამ ყველაფერში დანაშაული მიგიძღვის, მაშინ ესეც უნდა ითქვას. თუ შენ მოთამაშეებისგან ნდობას ითხოვდი და ისინიც გენდობოდნენ, არ ფიქრობ, რომ ახლა მათთან ვალში ხარ? ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც რაიმე პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნია, მიხვდებოდა, რომ ეს ადამიანები კითხვებზე პასუხებს მაინც იმსახურებენ."
2011 წელს გავნითარებული ე.წ. Black Friday-ის მოვლენების შემდეგ, როდესაც შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა Full Tilt Poker და სხვა ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიები დახურა, კრის ფერგიუსონი ფართო საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. პოკერ-რუმის მომხმარებლებმა FullTiltPoker-ის დირექტორთა საბჭოს წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, 4 დირექტორიდან თითოეულს, მათ შორის ფერგიუსონსა და ლედერერს, $444 მილიონი დოლარი ერგოთ. კრის ფერგიუსონის ადვოკატმა წაყენებული ბრალდებები უარყო, ხოლო PokerStars-ის მიერ გაკოტრებული კომპანიის ყიდვისა და მოთამაშეებისთვის დაკარგული თანხების დაბრუნების შემდეგ, ბრალდებაც მოიხსნა.
კრის ფერგიუსონის ნახვა წელს, მიმდინარე WSOP-ზე გახდა შესაძლებელი, სადაც მან რამდენჯერმე ფულში შესვლა და $10.000 დოლარიანი 6-მაქს ულიმიტო ჰოლდემის ივენთის ფინალურ ოთხეულში მოხვედრაც მოახერხა. ჟურნალისტების მიერ დასმული მრავალი შეკითხვის მიუხედავად, ფერგიუსონმა პასუხებზე უარი განაცხადა.
"საერთოდ არ მადარდებს, ითამაშებს თუ არა ფერგიუსონი, - ამბობს ნეგრანუ, - უბრალოდ, საკმარისია შევხედოთ ჰოვარდ ლედერერის საქციელს. რა თქმა უნდა, ის არც ჩემი მეგობარია და არც მე ვარ მისი კუმირი, მაგრამ ამ ადამიანმა აიღო გარკვეული პასუხისმგებლობა, დაუთმო დრო თამაშის გულშემატკივრებსა და პოკერ-რუმის მომხმარებლებს და შეძლებისდაგვარად მოუბოდიშა. მათ შეუძლიათ აპატიონ, ან არ აპატიონ ლედერერს თავისი შეცდომა. ამას არ აქვს მნიშვნელობა. არც ფერგიუსონის წერილის შედეგს აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ, ეს სწორი საქციელი იქნება. ჰოვარდ ლედერერმა იცოდა, რომ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაბრუნება არასწორი და გაუგებარი იქნებოდა. ფერგიუსონი კი უბრალოდ მოდის WSOP-ზე და ფეხებზე კიდია ვინ რას იფიქრებს. თუნდაც მას მცირე როლი მიუძღვოდეს 'ფულტილტზე' განვითარებულ მოვლენებში, მან პასუხისმგებლობის თავისი წილი უნდა აიღოს და ბოდიში მოიხადოს!"
ნეგრანუსთან ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ, PokerNews კრის ფერგიუსონს დაუკავშირდა და კანადელი მოთამაშის მიმართვაზე კომენტარის გაკეთება სთხოვა. ფერგიუსონმა ამჯერადაც არ უღალატა ტრადიციას და დუმილი შეინარჩუნა.





