WSOP 2016: ამერიკელი პროფესორი მილიონ დოლარს იგებს
უამრავ ადამიანს უოცნებია პოკერით, ან რომელიმე აზარტული თამაშით უეცარ გამდიდრებაზე. პროფესიონალი მოთამაშეები, რომლებიც ყოველდღიურ საარსებოს პოკერით შოულობენ, თვეობით და წლობით ელოდებიან დიდი ტურნირის მოგებას. მიჩელ თაუნერს კი სულაც არ ადარდებდა მსგავსი რამ. როგორც თავად ამბობს, ვეგასში თუ მოხვდება, ქეშ-გეიმებს და დაბალი ბაი-ინის ტურნირებს თამაშობს, დანარჩენ დროს კი მთლიანად საქმეს უთმობს.
არიზონას უნივერსიტეტის პროფესორმა, რომელსაც კარიერაში არცერთი დიდი მოგება არ აქვს მიღებული, WSOP-ის $1.500 დოლარიანი ივენთი, Monster Stack მოიგო, $1.120.196 დოლარით პირველი ადგილისთვის. ტურნირზე 6.927 მოთამაშე იყო დარეგისტრირებული. თაუნერი უკვე ერთი წელია, რაც არიზონას უნივერსიტეტში, მაგისტრანტებისთვის ინვესტიციების ლექციების კურსს უძღვება. როგორც ჩანს, პროფესორს მართლაც კარგად ესმის საკუთარი საქმის: $1.500 დოლარის მილიონად ქცევას მართლაც საკმაო ცოდნა სჭირდება.
მიუხედავად იმისა, რომ Monster Stack-ის ტურნირზე ძირითადად მოყვარული მოთამაშეები დარეგისტრირდნენ, ტურნირის ლაინაფზე ისეთი სახელების პოვნაც იყო შესაძლებელი, როგორებიც ტიჯეი კლუტიე, დევიდ პიტერსი, ენდი ბლოჰი და მეტ აფლეკი არიან. თაუნერის თქმით, მსგავს ტურნირზე გამარჯვებაში, მას, პოკერის შესახებ დაგროვილი ცოდნა დაეხმარა, რომელიც ძირითადად პოკერის ინტერნეტ გამოცემებიდან და ჟურნალებიდან მიიღო.
ფინალურ მაგიდაზე მიღწევის შემდეგ, თაუნერმა მარცხნივ მჯდომი დენიელ დიპასკალი, მეტ აფლეკი და ენდრიუ მორენო აღმოაჩინა - მაგიდის ყველაზე რთული და გამოცდილი მოთამაშეები. "გადავწყვიტე საკმაოდ სოლიდური და კონსერვატული თამაში მეჩვენებინა, - ყვება თაუნერი, - ჩემგან მარცხნივ მჯდომი მოთამაშეები ონლაინ პოკერის გრაინდერები იყვნენ. ამიტომაც გადავწყვიტე მსუბუქი 3-ბეთებისგან და მარგინალური ხელებით ქოლებისგან თავი შემეკავებინა. სიმართლე რომ ვთქვა, კარტებისა და იღბლის იმედიც მქონდა."
როგორც გამარჯვებული ამბობს, თუ საზაფხულო გეგმები არ შეიცვალა, შესაძლოა WSOP-ის მეინ ივენთიც კი ითამაშოს. გარდა ფულისა, ამ გამარჯვებაში 29 წლის პროფესორი კიდევ ერთ დადებით მხარეს ხედავს: "ჩემი ზოგიერთი სტუდენტი ასაკით ჩემზე დიდია. იმედი მაქვს, რომ ამ გამარჯვების შემდეგ დაინახავენ ასაკით მათზე პატარა ადამიანის შესაძლებლობებს და მეტ პატივისცემას გამოიჩენენ მის მიმართ."





