ლონდონის კაზინოში თაღლითობის ფაქტზე რუსი მოთამაშე დააკავეს
ლონდონში რუსული წარმოშობის მოთამაშე, ვალერი მიხაილეცი £57.000 ფუნტის თაღლითური გზით მოგების ბრალდებით დააკავეს. როგორც ირკვევა, 2014 წლის 30 ნოემბერს გამართულ თამაშში, რუსული სამშენებლო კომპანიის დირექტორმა, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით გარკვეული უპირატესობის მოპოვება და სხვა მოთამაშეებისგან ფულის მოგება მოახერხა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მრავალწლიანი ვარჯიშის შედეგად, მას, მისთვის დარიგებული კარტების დამალვა და შემდგომ დარიგებებში გამოყენება შეეძლო. ამასთანავე, სპეციალური სახეხი ქაღალდის გამოყენებით, ის, კარტის გარკვეულ ადგილებზე ნიშნების დატანას ახერხებდა, რაც მოწინააღმდეგის ხელის ამოცნობაში ეხმარებოდა.
2014 წელს მის მიერ განხორციელებულმა მოქმედებებმა, Palm Beach Casino-ს ადმინისტრაციას გარკვეული ეჭვები გაუჩინა, თუმცა, მაშინ მიხაილეცმა კაზინოს დატოვება უპრობლემოდ შეძლო. 2015 წლის 26 იანვარს ის კვლავ დაბრუნდა სათამაშოდ, სადაც მისი დაკავება მოხდა. ფულადი გირაოს სანაცვლოდ მან მალევე დატოვა პენიტენციალური სისტემა და გამოძიების შემდგომი პერიოდის ციხის გარეთ გატარების უფლება მოიპოვა. გირაოს ვადის ამოწურვის შემდეგ კი, მიხაილეცმა უკან დაბრუნებისგან თავის არიდების მიზნით გაქცევა გადაწყვიტა. ის ფინეთის საზღვარზე დააკავეს და ინგლისში დააბრუნეს.
მოსამართლე ალისტერ მაკკრეტის გადაწყვეტილებით, ვალერი მიხაილეცს არამხოლოდ 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, არამედ მოგებული ფულის უკან დაბრუნება და დამატებითი კომპენსაციის გადახდა მოუწევს. მთლიანობაში, მიხაილეცის ჯარიმამ £193.718 ფუნტი შეადგინა. საბრალდებო ვადის მოხდის შემდეგ, სავარაუდოდ, რუსი მოთამაშე სამშობლოში იქნება ექსტრადირებული. როგორც ცნობილი ხდება, მიხაილეცი უკვე მრავალი წელია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევას ცდილობს. ამასთან ერთად, ის ეპილეპსიითაც იტანჯება. დაკავების დროს მას სათამაშო კარტი, £2.000 ფუნტი და სპეციალური სახეხი ქაღალდი აღმოაჩნდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, კარტი ბრალდებულის მფლობელობაში დარჩა, თუმცა მისი თამაშში გამოყენება, მას, კატეგორიულად აეკრძალა.





