რეინერ კემპე 2016 წლის Super High Roller Bowl-ს და $5.000.000 დოლარს იგებს
2015 წელი, რეინერ კემპესთვის, დიდი აღმასვლის დასაწყისი აღმოჩნდა. რამდენიმე დიდ ტურნირზე მოპოვებული წარმატების მიუხედავად, მისი სახელი ბევრმა მაინც არ იცოდა. დღევანდელი გამარჯვებით კი, გერმანელმა მოთამაშემ სამუდამოდ დაგვამახსოვრა თავი.
დენ სმიტის გავარდნის შემდეგ, Super High Roller-ზე, რომელსაც 49 ენტრანტი ჰყავდა, ფინალური შვიდეული შეიკრიბა. ბოლო ადგილზე გასულს $600.000 დოლარი გარანტირებული ჰქონდა. პირველი, ვინც მაგიდა დატოვა დენ შეკი იყო - მისმა KJ-მა ფედორ ჰოლცის A9-ს ვერ გაუძლო. შემდეგი ბრინ კენი აღმოჩნდა, რომელიც 77-ით ისევ ფედორ ჰოლცს დაუპირისპირდა, რომელსაც JJ ჰყავდა. A9858 ბორდი ბრინ კენისთვის უშედეგო აღმოჩნდა და მან ტურნირი $800.000 დოლარით დატოვა.
პირველი მოთამაშე, რომელმაც ტურნირზე შვიდნიშნა თანხა მოიგო მეტ ბერკი იყო. მან A9-ით მომავალი ჩემპიონის 77-თან კოინფლიპის მოგება ვერ შეძლო და ტურნირი $1.1 მილიონი დოლარით მდიდარმა დატოვა. ამ მომენტისთვის კემპეს ჩიპლიდი კიდევ უფრო საგრძნობი გახდა. მართალია, მას გარკვეული პერიოდით უკან დახევა და გარკვეული ჩიპების დათმობა მოუწია, მაგრამ ფილ ჰელმუტის მაგიდიდან ჩამოშორების შემდეგ მისი სტეკი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ფილ ჰელმუტმა ფინალური მაგიდა შორტსტეკის სტატუსით დაიწყო. მართალია, სტეკის სიმცირე ლეგენდარულ მოთამაშეს არასდროს აშინებს და ჩიპების სიმცირე მისთვის ერთ-ერთი კომფორტული სტილის თამაშის საშუალებას იძლევა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მისმა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა კიდეც. ჰელმუტი თამაშს მეოთხე პოზიციიდან გამოეთიშა, როცა მისი QJ კემპეს KJ-თან დამარცხდა. WSOP-ის 14 სამაჯურის მფლობელს, მეოთხე ადგილისთვის, $1.6 მილიონი დოლარი ხვდა წილად.
ჰელმუტის შემდეგ რიგით მეორე შორტსტეკი ასევე პოკერის ლეგენდა - ერიკ საიდელი იყო. უნდა ითქვას, რომ სტეკების სიმცირის მიუხედავად, ამ ორმა მოთამაშემ მათზე უკეთეს მდგომარეობაში მყოფი სამი მეტოქის გზიდან ჩამოშორება და ფულში უფრო ღრმად შესვლა მოახერხეს. ფედორ ჰოლცის წინააღმდეგ გაორმაგების შემდეგ, საიდელმა 10 ბიგ ბლაინდი A7-ის იმედად მაგიდაზე შეიტანა, მაგრამ AT-თან დაპირისპირებას ვერ გაუძლო. ფინალურ მაგიდაზე მოხვედრით და შესაბამისი ანაზღაურებით, სატურნირო პოკერში ყველაზე წარმატებულ მოთამაშეთა სიაში, ჰელმუტი მეშვიდე პოზიციამდე, საიდელი კი მეორე პოზიციამდე დაწინაურდა.
5 ამერიკელის ჩამოშორების შემდეგ, გერმანული ჰედს-აპის დრო დადგა, სადაც ერთმანეთს ფედორ ჰოლცი და რეინერ კემპე დაუპირისპირდნენ. კემპეს ჩიპლიდის მიუხედავად, ერთმანეთის ხარჯზე გაორმაგების შედეგად, უპირატესობა ერთი მოთამაშიდან მეორეზე გადადიოდა. საბოლოოდ კემპემ მაინც მოახერხა საკუთარი ჩიპების უკან დაბრუნება და 88-ით ჰოლცის 22-ის წინააღმდეგ აღმოჩნდა.
2016 წლის $300.000 დოლარიანი Super High Roller Bowl-ის ფინალური შვიდეული ასე გამოიყურება:
ადგილი | მოთამაშე | ქვეყანა | მოგებული თანხა |
1 | რეინერ კემპე | გერმანია | $5.000.000 |
2 | ფედორ ჰოლცი | გერმანია | $3.500.000 |
3 | ერიკ საიდელი | აშშ | $2.400.000 |
4 | ფილ ჰელმუტი | აშშ | $1.600.000 |
5 | მეტ ბერკი | აშშ | $1.100.000 |
6 | ბრინ კენი | აშშ | $800.000 |
7 | დენ შაკი | აშშ | $600.000 |