დენიელ ნეგრანუ: დღეს პოკერის თამაშით ფულის შოვნა გაცილებით ადვილია, ვიდრე წლების წინ
ძველი და ახალი თაობის დაპირისპირება ყველა სფეროში მნიშვნელოვან მოვლენასა და პროგრესის ერთ-ერთ მთავარ კატალიზატორს წარმოადგენს. გამონაკლისი არც პოკერია - ინდუსტრია, სპორტი, სუბკულტურა, სადაც გამუდმებით ისმება კითხვა: ძველი სკოლა ჯობია, თუ ახალი? პოკერის მოყვარულები გამუდმებით ადარებენ ერთმანეთს დღევანდელ გრაინდერებსა და 90-იანების, ან უფრო ძველი ეპოქის პროფესიონალებს. არგუმენტი, დღევანდელი მოთამაშეების სასარგებლოდ, მართლაც საკმაოდ სერიოზულია: დღეს ინფორმაციის გაცვლა და მოპოვება პრობლემას არ წარმოადგენს, რამაც ახალი სტრატეგიების შექმნა, ძველების გადაფასება და დახვეწა გამოიწვია. დღევანდელი მოთამაშის ტექნიკური ცოდნა გაცილებით დიდია, ვიდრე 70-იანი წლების გემბლერის, ეს უდაოა.
ერთ-ერთი წარმატებული მოთამაშე, რომელმაც პოკერით ფულის შოვნა შეძლო როგორც 90-იანებში, ისე დღევანდელ ეპოქაში, დენიელ ნეგრანუა. 'კიდ პოკერს' ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული მოსაზრება აქვს. ის არ უარყოფს, რომ ტექნიკური მახასიათებლებით დღევანდელი მოთამაშე გაცილებით აღემატება 70-80-90-იანებისას, მაგრამ მისი თქმით 90-იანებში პოკერით ფულის შოვნა გაცილებით რთული იყო, ვიდრე დღეს. უფრო მეტიც, ნეგრანუს აზრით, დღევანდელი მულტიმილიონერი მოთამაშეების უმეტესობა უბრალოდ ვერც კი გაუძლებდა 90-იანების ქარ-ცეცხლსა და სირთულეებს.
აი რას წერს კანადელი მოთამაშე საკუთარ ბლოგზე: "როგორც დოილ ბრანსონმა თქვა, ძველ დროში პროფესიონალი მოთამაშეების უმეტესობა თამაშში იმიტომ ერთვებოდა, რომ მათ რეალური ალტერნატივა არ ჰქონდათ. მათი უმეტესობა განათლების გარეშე იყო, რაც სტაბილური სამსახურის შოვნაში ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა. დღევანდელ მოთამაშეებს კი განათლების მიღების ყველანაირი შესაძლებლობა აქვთ, რაც ალტერნატიული შემოსავლის წყაროს მოძებნას გაცილებით აადვილებს. სწორედ ონლაინ პოკერის არსებობამ მისცა საშუალება განათლებულ, ოჯახურ კომფორტში გაზრდილ ადამიანებს ამ თამაშთან დაახლოების საშუალება. მათი უმეტესობა არათუ ვერ გაუძლებდნენ მაშინდელ წნეხსა და იმ რეპუტაციას, რაც მოთამაშეებს ჰქონდათ, არამედ ამ საქმეში ჩართვა საერთოდ აზრადაც არ მოუვიდოდათ. ძველი თაობის მოთამაშეები გადარჩენის ინსტინქტით მოქმედებდნენ. ისინი იძულებულები იყვნენ მოეძებნათ ისეთი რამ, რაც ფულის შოვნისა და თავის გატანის საშუალებას მისცემდა."
ძირითადი მიზეზები იმისა, თუ რატომ იმსახურებენ ძველი თაობის მოთამაშეები განსაკუთრებულ პატივისცემას, ასე გამოიყურება:
- ონლაინ პოკერის არ არსებობის გამო, მოთამაშეები გაცილებით ნაკლებ დარიგებას თამაშობდნენ, რაც გამოცდილების მიღებას ძალიან ართულებდა
- მოთამაშეები გამოცდილებასა და ცოდნას პირდაპირ სათამაშო მაგიდიდან ღებულობდნენ, ნაცვლად უფასო ვიდეო გაკვეთილებისა ან საათობით სხვების თამაშების ყურებისა და კვალიფიციური ანალიზისა
- 90-იანებში და კიდევ უფრო ადრეულ წლებში თამაშების არჩევანი არცისე დიდი იყო
- ამერიკაში პროფესიონალი მოთამაშისთვის რეგულარული თამაშის მოძებნა მხოლოდ ატლანტიკ სიტიში, კალიფორნიასა და ვეგასში იყო შესაძლებელი
- არ არსებობდა წიგნები პოკერზე, ვიდეოები, ბლოგები, ფორუმები და ა.შ. რითიც დღევანდელი მოთამაშეები განებივრებულები არიან





