პოკერის მოთამაშეების ყველაზე გიჟური სანაძლეოები
'პოკერის მოთამაშეები ყველაფერზე დადებენ' - ფრაზა საკმაოდ ძველი და გაცვეთილია, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაზე სულელურ, აზარტულ და საშიშ სანაძლეოებს სწორედ პოკერის პროფესიონალი მოთამაშეები დებენ. როგორც წესი, წარმატებული მოთამაშის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სწორედ აზარტის დაძლევა და მშვიდი, რაციონალური თამაშია. შემდეგი რამდენიმე მაგალითი დაგარწმუნებთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო პოკერისტები საკმაოდ უცნაურ და სარისკო ბეთებს აკეთებენ.
რამდენიმე წლის წინ, WSOP-ის 3 სამაჯურის მფლობელი პროფესიონალი მოთამაშე, ჯონ ჰინიგანი საკმაოდ უცნაური სანაძლეოს წინაშე აღმოჩნდა: მას აიოვას შტატში, ქალაქ დე მოიში 6 კვირის განმავლობაში უნდა ეცხოვრა. შეთავაზებული თანხა ცნობილი არ არის, მაგრამ პოკერის ვეტერანი, რა თქმა უნდა, შემოთავაზებას დათანხმდა. დე მოიში განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა... სიმართლე რომ ითქვას, ქალაქში საერთოდ არაფერი ხდებოდა, რამაც შეიძლება გემბლერის ყურადღება მიიზიდოს - ქალაქის მასშტაბით არანაირი კაზინო, არანაირი სათამაშო დაწესებულება არ არსებობდა. 6 კვირის ნაცვლად, ჯონ ჰინიგანი, 2 დღეში დაუბრუნდა მშობლიურ ადგილს.
რამდენად დააყენებდით საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ? ტედ ფორესტისთვის სულ რაღაც $2 მილიონი დოლარი აღმოჩნდა საკმარისი. მაიკ მატუსოუს შეთავაზებით, ფორესტი, რომელიც იმ პერიოდისთვის 85 კილოს იწონიდა, რამდენიმე თვეში 63 კილომდე უნდა ჩამოსულიყო. სანაცვლოდ კი $2 მილიონ დოლარს მიიღებდა. ტედ ფორესტმა სრულიად შეცვალა საკუთარი დღის რეჟიმი: ნორმალური სავარჯიშო გეგმის წარუმატებლობის შემდეგ, სანაძლეო ვადის ბოლო პერიოდში, ის სატრენაჟორო დარბაზს დღეში 6 საათს უთმობდა, ყოველდღიურად კი 16 მილს ფეხით ფარავდა. საბოლოოდ მან სანაძლეო პირობის შესრულება შეძლო, მაგრამ სანაცვლოდ $2 მილიონის ნაცვლად $70.500 დოლარი მიიღო. მაიკ მატუსოუს განმარტებით, სანაძლეოსთვის საჭირო თანხა მას არ ჰქონდა და ბეთი მხოლოდ იმ იმედით გააკეთა, რომ ის ტედ ფორესტის დამარცხებაში დარწმუნებული იყო.
2011 წელს, ეშტონ გრიფინმა ტედ ფორესტზე არანაკლები რისკი აიღო საკუთარ თავზე და $300.000 დოლარის სანაცვლოდ სარბენ ბილიკზე 112 კილომეტრი (70 მილი) 24 საათში დაფარა. რბოლა, მან, დღის 12:30-ზე დაიწყო. რა თქმა უნდა, მის გარშემო უამრავი გულშემატკივარი შეიკრიბა, რომლებიც გამხნევების გარდა, ამერიკელ მოთამაშეს, სანაძლეოს შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. გრიფინთან მისი მშობლებიც კი მივიდნენ, მაგრამ მისთვის აზრის შეცვლა ვერავინ შეძლო. საბოლოოდ, ეშტონ გრიფინმა 70 მილი 23 საათსა და 15 წუთში დაფარა.
მართალია ინტერნეტში ფილ ჰელმუტის გადაპარსული თავის ფოტო არ მოიძებნება, მაგრამ ამბავი ნამდვილია და პოკერის ისტორიაში ერთ-ერთ სახალისო ეპიზოდს წარმოადგენს. ამბავი 2002 წელს მოხდა, როდესაც ლეგენდარული მოთამაშე WSOP-ის მეინ ივენთიდან ვინმე რობერტ ვარკონიმ გამოაგდო. რა თქმა უნდა, Poker Brat-მა სალანძღავი არცერთი სიტყვა არ დაიშურა. როგორც ის ამბობდა, ვარკონის ტურნირზე წარმატების არანაირი შანსი არ ჰქონდა. მოგვიანებით, ჰელმუტმა დაადასტურა, რომ თუ ვარკონი მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდა, ის თავს გადაიპარსავდა. რამდენიმე საათში კი, გეიბ კაპლანი და 2000 წლის მეინ ივენთის გამარჯვებული კრის ფერგიუსონი რობერტ ვარკონის გამარჯვებას ულოცავდნენ. მოქმედმა ჩემპიონმა სცადა ჰელმუტისთვის სანაძლეოს პირობის შესრულებისთვის თავი აერიდებინა, მაგრამ ჭეშმარიტი გემბლერი რაინდის სიტყვას ვეღარ გატეხდა. მან საკუთარი თმები ქველმოქმედებაში 'დახარჯა' - საქველმოქმედო აუქციონზე, ჰელმუტმა, საკუთარი თმა $10.000 დოლარად იყიდა.
High Stakes Poker-ის მაყურებლებს უამრავი ისტორია ექნებათ გასახსენებელი, რომელიც გადაცემის 7 სეზონის განმავლობაში მრავლად დაგროვდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, უცნაური და სასაცილო ეპიზოდი, ყველაზე პოპულარული პოკერის სატელევიზიო შოუს მე-6 სეზონში მოხდა. მაგიდასთან ფილ აივი, ტომ დუანი, დენიელ ნეგრანუ, გას ჰენსენი და ელი ელეზრა ისხდნენ. აივი, რა თქმა უნდა, კარტების გარდა 'მნიშვნელოვან საქმესაც' უთმობდა დროს და ე.წ. პროფბეთების რვეულით შეიარაღებული ღირებულ შეთავაზებას ელოდა. მისი პირობა ასე ჟღერდა: $5 მილიონი დოლარი 'ცოტა ხნით' ვეგეტარიანელობის სანაცვლოდ. ინიციატივა ტომ დუანმა გამოიჩინა, რომელმაც მეგობარს $500.000 დოლარი შესთავაზა. საბოლოოდ მოთამაშეები $1 მილიონ დოლარზე შეთანხმდნენ - თანხის სანაცვლოდ აივის ერთი წლის განმავლობაში ხორცეულისგან თავი უნდა შეეკავებინა. მოგვიანებით მოთამაშეებს კარა სკოტი ელაპარაკა. როგორც დუანი ამბობდა, მსგავს შემოთავაზებაზე, ის, მხოლოდ $3-4 მილიონის სანაცვლოდ თუ დაფიქრდებოდა. აივის მთავარი მოტივატორი კი თავად დუანი იყო: "ყველაზე გემრიელი ფული, სწორედ მისია, - ამბობდა აივი, - მას ჰგონია, რომ მომიგებს, რომ მე საკმარისი ძალა არ მაქვს." ზუსტად 20 დღის შემდეგ, ფილ აივი სტეიკს შეექცეოდა, რისთვისაც მან, მილიონის ნაცვლად $150.000 დოლარი გადაიხადა.





