ალეკ ტორელის ინტერვიუ ფილ ჰელმუტთან
რამდენიმე კვირის წინ, ცნობილი ონლაინ გრაინდერი, ამჟამად კი ლავი ტურნირების რეგულარი, ალეკ ტორელი Poker Night In America-ს ქეშ-გეიმზე ლეგენდარულ ფილ ჰელმუტს გადაეყარა. ალეკ ტორელის ბლოგს თუ თვალყურს ადევნებთ, აუცილებლად გეცოდინებათ, რომ ის არამხოლოდ პირადი თამაშითაა დაინტერესებული, არამედ ზოგადად პოკერის მოყვარული და დიდი გულშემატკივარია, რომელიც ცნობილი მოთამაშეების კულუარულ ცხოვრებას იძიებს.
მიუხედავად იმისა, რომ ტორელი ონლაინ პოკერის თაობას ეკუთვნის, მისი პატივისცემა ჰელმუტის მიმართ აშკარაა: "ვერავინ მოიგებს 14 ოქროს სამაჯურს იმ ცოდნის გარეშე, რომელიც სხვებს არ გააჩნიათ" - წერს ტორელი პირად ბლოგზე.
როგორც ინტერვიუში ფილ ჰელმუტი ამბობს, მისი წარმატების მთავარი საიდუმლო მისი 'რიდინგის' უნარია. საკუთარი თამაშის უმთავრეს ხაზად, მათემატიკური გადაწყვეტილებების მიღების ნაცვლად, ის სწორედ 'ჰენდრიდინგს' და მოწინააღმდეგეების 'წაკითხვას' ასახელებს. რაც შეეხებათ ონლაინ პოკერის ვუნდერკინდებს, რომლებიც არნახული მათემატიკური აზროვნებით გამოირჩევიან: "ისინი მართლაც ძლიერები არიან, მაგრამ რეალურ მაგიდასთან მათ მაინც მოუწევთ კარტის საკუთარი ხელით აღება და ნახვა" - ამბობს ჰელმუტი და მისი უნარების მთავარ ადგილს სწორედ ამ მომენტში ხედავს. "ინტერნეტში უამრავი ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი ახალი სტრატეგიების შესახებ. ონლაინ გრაინდერები უამრავს წერენ საკუთარი სტრატეგიებისა და თეორიების შესახებ და ამის ნახვა ყველას შეუძლია. რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციას მათ წინააღმდეგ გამოვიყენებ. მაგრამ რეალურ მაგიდასთან ვერავინ ახერხებს იმის დამალვას, რამდენად ძლიერი ან სუსტია მისი ხელი."
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც ჰელმუტი ინტერვიუს დროს ასახელებს, სხვა მოთამაშეების მიერ მისი სტატუსის სწორად აღქმაა. "ჰენდრიდინგი', სტრატეგია, ლოგიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე აუცილებლად უნდა გესმოდეს როგორ ხედავენ შენ თამაშს სხვები. როცა მე ვიცი, რომ მაგიდაზე მყოფთ ნანახი აქვთ ჩემი თამაში, იციან თუ როგორ რთულ ქოლებს ვაკეთებ, ჩემს მოტყუებას იშვიათად ცდილობენ." კიდევ ერთი ასპექტი, რომელსაც ჰელმუტი ხაზს უსვამს იღბალია - "ბევრმა იცის, რომ წაგების დროს ძალიან ვბრაზდები, მაგრამ რა თქმა უნდა ვიცი, რომ საკმაოდ იღბლიანი ვარ. მე მიმართლებს არამხოლოდ კარტებში, არამედ თამაშში ზოგადად. შეხედეთ დღევანდელ პოკერს და შეადარეთ რამდენიმე წლის წინანდელს. რამდენი მოთამაშე გაქრა? უცნაურია, მაგრამ ისეთებიც გაქრნენ, რომლებზეც ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ დიდ თამაშს დატოვებდნენ. მე კი კვლავ აქ ვარ და კვლავ პრობლემებს ვუქმნი მაგიდაზე მყოფთ."
რაც შეეხება პრობლემებს: "ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა პატივმოყვარეობაა. ეს არამხოლოდ მე მაწუხებს. ვუყურებ ხოლმე სატელევიზიო თამაშებს და ვხედავ ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებსაც წარმოუდგენლად დიდი ეგო აქვთ. გამუდმებით ამტკიცებენ, რომ ფილ ჰელმუტზე უკეთესები არიან. ამ დროს ვფიქრობ, რა ჯანდაბად ახსენებ ჩემ სახელს? სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის ერთ-ერთი დიდი მოტივატორია. ყველასგან იმის მტკიცება, რომ ჩემზე უკეთესია... შემდეგ წელს კი მათი სახელი არავის ახსოვს."