დაგ პოლკის ახალი გამოწვევა: Poker VS Hearthstone
პოკერის მოთამაშეები რომ ფსონს ყველაფერზე გააკეთებენ, ეს უკვე ყველამ იცის. ამ მოსაზრების მტკიცებულებად ანტონიო ესფანდიარისა და ფილ ლააკის შოუც გამოდგება. თუმცა, მაგალითები კიდევ უფრო შორს წაგვიყვანს, თუ ბილ პერკინსის უცნაურ ბეთებს, ან ფილ აივისა და ტომ დუანს შორის დადებულ მილიონდოლარიან სანაძლეოს გავიხსენებთ, რომლის მიხედვითაც აივის ერთი წლის განმავლობაში ხორცის ჭამა ეკრძალებოდა.
პოკერის მოთამაშეები არასდროს ამბობენ უარს ახალ თავგადასავლებზე. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სიახლესთან და მზარდი პოპულარობის მქონე თამაშთან აქვთ. 24 მაისს, Amazon და Poker Central ორი სხვადასხვა "სამყაროს" წარმომადგენლების დაპირისპირებას გეგმავენ - სადაც ერთმანეთს პოკერისა და Hearthstone-ის მოთამაშეები შეერკინებიან. Poker Central-ის პროფესიონალთა გუნდი სამი მოთამაშითაა დაკომპლექტებული: დაგ პოლკი, მარია ჰო და სკოტ ბოლი. Amazon-ის გუნდში კი Hearthstone-ის პროფესიონალები, ჯეისონ ჩენი, დევიდ კაირო და ესტებან სერანო შედიან.
ერთდღიან ივენთზე ორივე მხარეს საკუთარ მოედანზე თამაშის საშუალება მიეცემა: ისინი ერთმანეთს ულიმიტო ტეხასურ ჰოლდემსა და Hearthstone-ში დაუპირისპირდებიან. თამაშის კომენტატორი StarCraft-ის ლეგენდა, ჯეფ რობინსონი იქნება. უნდა ითქვას, რომ Hearthstone სულ უფრო პოპულარული ხდება, განსაკუთრებით პოკერის მოყვარულებსა და პროფესიონალ მოთამაშეებს შორის. როგორც ცნობილია, დენიელ ნეგრანუ თამაშის აქტიური სტუმარია; ხოლო ბერტრან Elky გროსპელიე პირველი პროფესიონალი მოთამაშეა, რომელიც როგორც 'პოკერსტარსისგან', ასევე Team Liquid-ისგან სპონსორდება.





