თამაშის აჩქარების მიზნით, WPT-ზე სპეციალური საათი იქნა გამოყენებული
როგორც მოგეხსენებათ, World Poker Tour-ის გრანდიოზულ ტურნირზე, რომელმაც 22 აპრილს აიღო სტარტი, WPT-ის ტიტულის მფლობელები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ივენთის გამარჯვებული ჰოლანდიელი ფარიდ იაჩო გახდა, რომელმაც რამდენიმე ძვირადღირებული პრიზის გარდა, $381.600 დოლარი მიიღო. ტურნირს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიო მედიაში, რომელიც პოკერის ყოველდღიურობას აშუქებს. მაგრამ განსაკუთრებით დიდი ყურადღება ე.წ. Action Clock-ს დაეთმო.
სპეციალური საათის წესების შემოღებით, ყოველ მოთამაშეს, გადაწყვეტილების მისაღებად, 30 წამი ეძლევა. თუ ის ამ დროს არასაკმარისად ჩათვლის, მას, დამატებითი 30 წამი მიეცემა, რომლის გამოყენებაც 4-ჯერ შეეძლება. 'თაიმ ბანკის' მსგავსი იდეა აქამდეც ყოფილა განხორციელებული, თუმცა უმეტეს შემთხვევებში, ასეთი სიმკაცრე ფინალურ, ან ე.წ. სატელევიზო მაგიდებთან შეგვხვდებოდა. ამჯერად კი, WPT-ის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, Action Clock ყოველ მაგიდასთან იყო დამონტაჟებული.
"ეს მშვენიერი გადაწყვეტილებაა, - თქვა ანტონიო ესფანდიარიმ, - ყველაფერს მივესალმები, რაც პოკერს კიდევ უფრო მხიარულს, დაძაბულს და საინტერესოს გახდის."
30 წამიანი სისტემის შემოღების მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, თამაშის აჩქარება და ყოველი მოთამაშისთვის კომფორტული სიტუაციის შექმნაა. ლაივ ტურნირებზე ხშირად შეიძლებოდა ისეთი სცენა შეგვხვედროდა, სადაც მოთამაშე რივერზე ქოლისთვის რამდენიმე წუთის განმავლობაში ფიქრობდა. ასეთ დროს კი დიდი უხერხულობა იჩენდა თავს: რომელიმე სხვა მოთამაშე, რომელიც დარიგებაში მონაწილეობას არ ღებულობდა, ტურნირის მენეჯერს სპეციალური 'თაიმ ბანკის' გამოყენებისკენ მოუწოდებდა, რასაც ბევრი არაეთიკურად, თუმცა სამართლიანად თვლიდა. შედეგად მოთამაშეებში იწყებოდა დაპირისპირება, უკმაყოფილება, სიტყვიერი კონფლიქტი და ა.შ.
"ვფიქრობ, ასეთ დონეზე როცა თამაშობ, მზად უნდა იყო მეტი პასუხისმგებლობის ასაღებად, - ამბობს WPT Rendez-Vous à Paris-ის გამარჯვებული, მეტ ვექსმანი, - რა თქმა უნდა, მსგავსი რამ არ შეიძლება გამოვიყენოთ ისეთ ტურნირებზე, რომლის მონაწილეებიც დამწყები მოთამაშეები არიან და ისედაც უჭირთ გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ პროფესიონალი, რომელსაც ამხელა თანხის გადახდა არ უჭირს, დიდი ბანკროლი აქვს და შესაბამისად გამოცდილი მოთამაშეა, 30 წამში ნამდვილად უნდა მიხვდეს რა მოქმედების არჩევა სურს. აშკარაა, რომ Action Clock-ის გამო, თამაში გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს."
Action Clock საკმაოდ მარტივი მოწყობილობაა - ესაა პროგრამა, რომელიც iPad Pro-ზე ყენდება. ის ზუსტად თავსდება მაგიდაზე, დილერისთვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილას. დილერს კი მარტივი რამ ევალება: კარტების დარიგების შემდეგ, წამზომის ჩართვა; ხოლო ყოველი მოთამაშის მიერ შესრულებული მოქმედების შემდეგ - 'reset'-ის ღილაკზე თითის დაჭერა.





