Breaking Bad-ის ჯესი პინკმენი GPL-ში, Los Angeles Sunset-ის სახელით ერთვება
Globa Poker League სულ უფრო საინტერესო ხდება. ამჯერად, პოკერის ლიგასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება გაკეთდა - Los Angeles Sunset-ს, რომელსაც მარია ჰო ხელმძღვანელობს, დამატებით მოთამაშედ ამერიკელი მსახიობი, აარონ პოლი უერთდება. აარონ პოლი, მაყურებელმა, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სერიალით, Breaking Bad-ით შეიყვარა, სადაც ის ნარკორეალიზატორის, ჯესი პინკმენის როლს ასრულებს.
"პოკერს სპორტად და ამავდროულად გონების თამაშად აღვიქვამ, - ამბობს მსახიობი, - ლოს ანჯელესის გუნდის წარმოდგენა, სადაც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები შედიან, ჩემთვის დიდი პატივი იქნება." მართლაც, L.A. Sunset-ში, პოლთან ერთად, ფედორ ჰოლცი, ოლივერ ბუსკეტი, იუჯინ (ევგენი) კაჩალოვი, ჩენს კორნუთი და თავად მარია ჰო თამაშობენ.
უკანასკნელ წლებში, ამერიკელი მსახიობი აქტიურადაა პოკერში ჩართული. გასულ ზაფხულს, მან, WSOP-ის მეინ ივენთშიც მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად ტურნირიდან მისი ნაადრევი გამოთიშვისა, უცხოურმა მედიამ, ამ ფაქტს არაერთი სტატია მიუძღვნა.
"პოკერი, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ GPL-ის გამოჩენამ ეს ყველაფერი კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი გახადა, - ამბობს ლოს ანჯელეს Sunset-ის მენეჯერი მარია ჰო, - ცნობილი ადამიანებიდან, რომლებსაც პოკერის თამაში გამოსდით, დიდი არჩევანი გვქონდა. მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, აარონი ყველაზე ახლოს დგას თამაშის მთავარ კონცეფციებთან. რაც მთავარია - ის მზადაა ცოდნის მისაღებად და საუკეთესოების წინააღმდეგ სათამაშოდ. ჩვენი გუნდისთვის, ის, ძალიან კარგი შენაძენია და იმედი მაქვს, რომ თამაშში გარდატეხვას, სხვა მოთამაშეებთან ერთად, ისიც შეიტანს."