FullTiltPoker და PokerStars ერთიანდებიან
ნიუსი, რომელსაც პოკერის სამყარო დიდი ხანია ელოდა, ინტერნეტში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. მსოფლიოს ორი წარმატებული ბრენდი, რომლებიც წლების განმავლობაში პირველ-მეორე პოზიციებს ინარჩუნებენ, გაზაფხულზე ერთიანდებიან.
'პოკერსტარსმა', რომელიც მსოფლიო მასშტაბით ყველაზე დიდ პოკერ-რუმს წარმოადგენს, 2012 წელს 'ფულტილტის' აქტივები შეიძინა. მიუხედავად ამისა, 'სტარსი' კვლავ დამოუკიდებელ კომპანიად რჩებოდა და ყოფილ მოწინააღმდეგესთან კონკურენციას განაგრძობდა. შედეგებს წარმატებულს ნამდვილად ვერ დავარქმევთ - 'ფულტილტმა', რომელიც სტაბილურად მეორე პოზიციასა და მზარდ პოპულარობას ფლობდა, მკვეთრი ვარდნა დაიწყო. PokerScout-ის მონაცემების მიხედვით, საიტზე განხორციელებული ქეშ-გეიმების კაპიტალური რეფორმების შემდეგ, 'ფულტილტის' ტრეფიკი იმდენად შემცირდა, რომ ის საუკეთესო პოკერ-რუმების ათეულს მიღმა დარჩა.
"რამდენად გარდაუვალი იყო ორი საიტის გაერთიანება? რთული სათქმელია - ამბობს OnlinePokerReport-ის დამფუძნებელი, კრის გრუვი, - მაგრამ ეს ვარიანტი რომ ყოველთვის არსებობდა, ფაქტია. იმ პირობებში, როცა 'ფულტილტმა' თავისი ნიშა მოძებნა, როცა საიტი მყარად იდგა და როცა ონლაინ პოკერი სულ უფრო ფართოვდებოდა, 'პოკერსტარსისა' და 'ფულტილტის' კონკურენტებად განხილვა, სრულიად სამართლიანი იყო. მაგრამ როდესაც აღმოჩნდა, რომ 'ფულტილტი' თავის პოზიციებს კარგავდა და კატასტროფული სიჩქარით ეშვებოდა დაბლა, გაერთიანების აუცილებლობა ყველამ ნათლად დაინახა. ამ შემთხვევიდან მარტივი დასკვნების გამოტანა, საკმაოდ რთული იქნება. რამ იმოქმედა დადებითად და უარყოფითად, ამის თქმა შეიძლება, მაგრამ რა გავლენას მოახდენენ იგივე ფაქტორები სხვა პოკერ-რუმებზე, უცნობია, რადგან ეს სრულიად უნიკალური ბრენდია, თავისი სპეციფიური კონტენტითა და პოზიციით."
როგორც Amaya Inc-ის პრესსამსახური იტყობინება, 'ფულტილტის' მომხმარებლებს კვლავაც ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ თავიანთი საყვარელი საიტისთვის დამახასიათებელი ვიზუალით, ავატარებით, მრავალფეროვანი თამაშებითა და ტურნირებით, გაზრდილი საპრიზო ფონდებითა და გაუმჯობესებული მომსახურებით. როგორც ჩანს, მოთამაშეებს 'ფულტილტზე' ავტორიზაციის შესაძლებლობა კვლავაც ექნებათ, მაგრამ ამჯერად ისინი 'პოკერსტარსზე' არსებულ ნიკებს გამოიყენებენ. თუ მოთამაშე ორივე საიტის ექაუნთს ფლობს, უპირატესობა 'პოკერსტარსზე' აღებულ ზედმეტსახელს ენიჭება, რომლითაც ის 'ფულტილტზე' თამაშს შეძლებს. თუ მოთამაშე მხოლოდ 'ფულტილტის' მომხმარებელია, მაშინ ის ვალდებული იქნება რეგისტრაცია 'პოკერსტარსზეც' გაიაროს.





