ფაბიან კოსი 2016 წლის Aussie Millions $100.000 Challange-ის გამარჯვებულია
გერმანელ პროფესიონალ მოთამაშეს, ფაბიან კოსს, Crown Melbourne-ში გამართული $100.000 Challange-ის მოსაგებად, სულ რამდენიმე საათი დასჭირდა. მისმა მოგებამ $1.024.645 დოლარი (1.446.480 ავსტრალიური დოლარი) შეადგინა. "ყველაფერი გაცილებით ჩქარა განვითარდა, ვიდრე ველოდი, - თქვა ტურნირის დასრულების შემდეგ გამარჯვებულმა, - ფინალურ მაგიდაზე, ასე კარგად არასდროს მითამაშია. იღბალმაც შემიწყო ხელი. პირველი ორი საათის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, რთული გადაწყვეტილების მიღება არ დამჭირვებია. ერთადერთი, რაც მევალებოდა, საკუთარი ხელის თამაში იყო. ძალიან ბედნიერი ვარ, ასე რომ გამიმართლა."
ფაბიან კოსმა, არამხოლოდ ურთულესი ფინალური მაგიდა გაიარა, არამედ, ჰედს-აპზე, თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო გრაინდერი, ბენ ტოლერენი დაამარცხა. კოსმა, ფინალური ჰედს-აპი, ჩიპების უპირატესობით დაიწყო. მაგრამ ტოლერენის გაორმაგების შემდეგ, ისეთი განცდა გაჩნდა, რომ კოსის მთელი დღის წარმატება რამდენიმე დარიგებაში უნდა დასრულებულიყო. "რა თქმა უნდა, ყველამ იცის, რომ ტოლერენი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, - ამბობს გერმანელი, - ყველაზე მეტად რაც არ მინდოდა, მისი გაორმაგება იყო. მაგრამ მე ჩემი საქმე მქონდა გასაკეთებელი. ვცდილობდი მაქსიმალურად სოლიდური და ძლიერი თამაში მეჩვენებინა. საბოლოოდ, ჩემმა მცდელობამ შედეგი გამოიღო."
კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტი: პირდაპირი ეთერის გამოყენებით, მოთამაშეებს ერთმანეთის კარტების ნახვა შეეძლოთ, რა თქმა უნდა, 30 წუთიანი დაგვიანებით. "უკეთესი იქნებოდა, ასეთი შესაძლებლობა არ გვქონოდა, - ამბობს გამარჯვებული, - მართალია, ყველას ერთნაირად მიგვიწვდება ხელი გასულ დარიგებებზე და ეს უპირატესობას არავის აძლევს, მაგრამ თამაში მეტად საინტერესო გახდებოდა, თუ ყველა საკუთარ ტელეფონში არ იქნებოდა ჩაფლული და მეტ ყურადღებას მაგიდაზე მიმდინარე მოვლენებს დაუთმობდა."
ტურნირის კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი წამზომი იყო. უკანასკნელ წლებში, წამზომები, ტურნირებზე აქტიურად გამოიყენება. ბეთინგის ყოველ რაუნდს თავისი შესაბამისი დრო აქვს გამოყოფილი, ხოლო თუ მოთამაშე ამ დროში ვერ ჩაეტია, მისი ნებისმიერი ქმედება ავტომატურ ფოლდად ითვლება. ფაბიან კოსი იმ მოთამაშეების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც საფიქრალად დრო არ ენანებათ და ამ რესურსს მაქსიმალურად იყენებენ. "საკმაოდ გაკვირვებული დავრჩი - ერთადერთი მოთამაშე ვიყავი, რომელსაც დამატებითი დრო არ ჰქონდა გამოყენებული. როგორც წესი, მე სწრაფ მოთამაშედ არ ვითვლები და გადაწყვეტილების მიღებას საკმაო დროს ვუთმობ. თუმცა, ასეთი ფორმატი ძალიან მომწონს. წამზომი საშუალებას გაძლევს, რაც შეიძლება მეტი დარიგება ითამაშო, რადგან მოთამაშეებს დროის უაზროდ ხარჯვა აკრძალული აქვთ."





