TCOOP-ის ფინალურ მაგიდაზე ბოტის გამოყენება არ დადასტურდა
'პოკერსტარსის' ხელმძღვანელობისა და მოთამაშეების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ადმინისტრაციამ რეალურად შეიტანა ეჭვი ერთ-ერთი მოთამაშის რეალურობაში. მცირე გამოძიების შემდეგ, 'პოკერსტარსის' ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ მოთამაშე ადამიანი იყო და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არ მომხდარა. მოვლენები შემდეგნაირად ვითარდებოდა:
TCOOP-ის $82 დოლარიან ულიმიტო ჰოლდემის ტურნირზე მხოლოდ 2 მოთამაშე იყო დარჩენილი: ფინელი LuckboxStami და რუსი IvanHaldi. პირველი ორი ადგილისთვის დაწესებული საპრიზო ფონდის გასაყოფად, მაგიდაზე 'პოკერსტარსის' წარმომადგენელი, ნიკ-ნეიმით HostMatthieM მიიწვიეს, რომელიც მოთამაშეებს გარიგებაში უნდა დახმარებოდა. LuckboxStami-ის თხოვნით, 'პოკერსტარსის' წარმომადგენელს, მოთამაშეებისთვის, პირველი ორი პოზიციისთვის დაწესებული თანხიდან $4.000 დოლარი უნდა გამოეყო, რომელიც ტურნირის გამარჯვებულს შეხვდებოდა. HostMatthieM-მა, ფინალისტებს, მალევე შესთავაზა პირველი და მეორე ადგილის თანხები: $40.393 და $39.450 დოლარი და, რა თქმა უნდა, $4.000 დოლარი გამარჯვებულისთვის.
მოვლენები სწორედ აქ დაიძაბა. LuckboxStami საპრიზოს ასეთ განაწილებას სიტყვიერად დათანხმდა, ხოლო მისი ოპონენტისგან არანაირი პასუხი არ ისმოდა. 'პოკერსტარსის' წარმომადგენელმა რამდენიმე წუთი ითხოვა, რათა რუსულენოვანი თარჯიმნის დახმარებით, IvanHaldi-ისთან მიღებული გადაწყვეტილება შეეთანხმებინა. თუმცა, შედეგი არც ამან გამოიღო. HostMatthieM-მა რუს მოთამაშესთან პრივატული ჩეთით დაკავშირება სცადა და მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშე სხვა ტურნირებზე აქტიური იყო, პასუხი ვერც ამჯერად მიიღო. ამ დროისთვის, LuckboxStami-მ რამდენჯერმე ითხოვა თამაშის განახლება და 'პოკერსტარს' ურჩია, რუსი მოთამაშისთვის დაერეკათ და გაერკვიათ, ცოცხალი იყო თუ არა?
'პოკერსტარსის' წარმომადგენელმა, თავის რუს კოლეგას, მაშინვე მიმართა თხოვნით, IvanHaldi-ის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებულ ნომერზე დაერეკათ, მაგრამ აღნიშნულ ნომერზე ზარებს არავინ პასუხობდა. ფინელი მოთამაშე კი ტურნირის გაგრძელებას ითხოვდა - "მისი შემოწმება თამაშის დასრულების შემდეგაც იქნება შესაძლებელი." ამ ყველაფერს დაძაბულობას ისიც მატებდა, რომ შარშან პოტ-ლიმიტ ომაჰას ტურნირის ფინალურ მაგიდაზე ბოტი აღმოაჩინეს, რომელსაც კვლავ რუსული წარმომავლობა ჰქონდა მითითებული.
ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც IvanHaldi ხელოვნურ ინტელექტად არ მიიჩნიეს ის იყო, რომ გარიგების ოპციის არჩევა, რომელიც თავდაპირველად მოხდა, მხოლოდ ადამიანის მიერაა შესაძლებელი. თამაშს, Two+Two ფორუმის უამრავი წევრი ადევნებდა თვალს. მათი რეაქციები განსხვავებული იყო - ზოგი ვარაუდობდა, რომ ეს ბოტი იყო, ზოგი პირიქით, ზოგი კი 'პოკერსტარსის' გადაწყვეტილებას ელოდა'.
მოგვიანებით 'პოკერსტარსის' საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მაიკლ ჰოსემ, გამოაქვეყნა 5 მიზეზი, თუ რატომ ჩათვალეს IvanHaldi რეალურ მოთამაშედ და არა ხელოვნურ ინტელექტად - "შემდეგი დამცავი მექანიზმების გამოყენების შედეგად, გადავწყვიტეთ, რომ საქმე რეალურ ადამიანთან გვქონდა: მოვახდინეთ მოთამაშის მიერ გააქტიურებული 'პოკერსტარსის' კლიენტის სკანირება, რომლის მიხედვითაც დამტკიცდა, რომ ის დამხმარე პროგრამებს არ იყენებდა. მოვახდინეთ მის მიერ 'პოკერსტარსის' კლიენტზე სხვა დროს გამოყენებული ინსტრუმენტები, როგორებიცაა ჩეთბოქსი, კლიენტის სხვადასხვა დამატებითი ფუნქციები და ა.შ. მოვახდინეთ მის მიერ ნათამაშები დარიგებების ანალიზი, რომლის შედეგადაც არანაირი ანომალია არ გამოვლინდა. მოვახდინეთ მისი სათამაშო სესიების დროის ანალიზი, რომელიც შეიცავდა თამაშის დაწყებისა და დასრულების დროს, სესიის ხანგრძლივობას, შესვენებებს სესიის მსვლელობისას. შევამოწმეთ მის მიერ ე.წ. შემთხვევითი სიტყვების გენერატორის გამოყენება, რომელიც მოთამაშეებისგან იმ მომენტში შეთავაზებული სიტყვის გამეორებას მოითხოვს. ამჟამად, ჩვენ ვერანაირ ახსნას ვერ ვპოულობთ, თუ რატომ არ გამოვიდა კონტაქტზე მოთამაშე, ჩვენი მრავალჯერადი მცდელობის მიუხედავად. ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ ამ საკითხის გამოძიებას."
საბოლოოდ, საპრიზო თანხის შესახებ გარიგება არ შედგა. თუმცა, ამ ყველაფერმა, ფინელი მოთამაშეს უფრო დიდი მოგება მოუტანა: გარიგების შედეგად დადგენილი $40.394 დოლარის ნაცვლად, მას, $48.042 დოლარი შეხვდა.





