ონლაინ გრაინდერები Amaya Inc-თან შეხვედრით უკმაყოფილეობი არიან

გასულ ორშაბათს, დენი შტერნის განცხადებით, პროფესიონალი ონლაინ გრაინდერები 'პოკერსტარსის' მფლობელ კომპანიასთან, Amaya-სთან შეხვედრას გეგმავდნენ. შტერნის განცხადება აიზიკ ჰექსტონმა, დენიელ დვორესმა და დენიელ ნეგრანუმ დაადასტურეს. პროფესიონალ მოთამაშეებს, ონლაინ გრაინდერებსა და უბრალოდ პოკერის მოყვარულებს იმედი ჰქონდათ, რომ სამშაბათს გამართული შეხვედრა, მოთამაშეებისთვის, გარკვეული შედეგის მომცემი იქნებოდა. თუმცა, აქამდე ბევრი არაფერი გარკვეულა, მხოლოდ ზოგადი იდეები და ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციები. 

შეხვედრის დაწყებამდე აიზიკ ჰექსტონმა, დენიელ ნეგრანუმ და დენი შტერმნა კონფიდენციალურობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. როგორც შემდეგში ჰექსტონმა ახსნა, ეს ყველაფერი იმით იყო გამოწვეული, რომ 'ამაიას' ხელმძღვანელობამ, შეხვედრაზე მიწვეულ მოთამაშეებს, გარკვეული მონაცემები აჩვენა, რომლის გამჟღავნებაც კომპანიისთვის კომერციული ზარალის მომტანი იქნებოდა. "თუ ჩვენ ხელშეკრულებას დავარღვევთ, - ამბობს ჰექსტონი, - საქმე შტატების სამართალდამცავ ორგანოებთან გვექნება და არა 'ამაიასთან." მართლაც, calvinayre.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, დენიელ ნეგრანუმ დაადასტურა, რომ შეხვედრაზე კომპანიის ეკოსისტემასთან დაკავშირებული ციფრებიც იყო განხილული. ასეთი ნიუანსების ჩვენება, 'ამაიას' უფროსობამ იმ მიზეზით გადაწყვიტა, რომ მოთამაშეებისთვის უფრო აშკარა გამხდარიყო ონლაინ პოკერში არსებული სიტუაცია, რომელსაც უბრალო მომხმარებელი ვერ ამჩნევს. მაგრამ უმთავრესი საკითხი, რის განხილვასაც 'პოკერსტარსის' მომხმარებლები ელოდნენ, VIP სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებები იყო. 

ნეგრანუს ინტერვიუდან ერთადერთი დასვკნის გამოტანაა შესაძლებელი - მონრეალში ჩატარებული შეხვედრა მოლაპარაკებების ხასიათს ნამდვილად არ ატარებდა. როგორც ჩანს, 'პოკერსტარსის' VIP სისტემა უცვლელი დარჩება. შეხვედრის ერთადერთი მიზეზი კი ის იყო, რომ პოკერ-რუმის მფლობელი კომპანიის ხელმძღვანელებს მოთამაშეებისთვის აეხსნათ, თუ რატომ გახდა ასეთი ცვლილებების განხორციელება საჭირო და რატომ ვერ მოხდებოდა მათი გადავადება 2017 წლამდე? შეხვედრაზე მისული მოთამაშეების განსაკუთრებულ ყურადღებას 'სუპერნოვა' და 'სუპერნოვა ელიტის' მქონე მომხმარებლების მომავალი იქცევდა, მაგრამ როგორც ჰექსტონის მიერ '2+2 ფორუმზე' გაკეთებული განცხადებიდან ჩანს, მდგომარეობა უცვლელი დარჩა - "ჩვენ ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ 'სუპერნოვასა' და 'სუპერნოვა ელიტის' სტატუსის მქონე მოთამაშეებზე და მათ მომავალზე. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ მათგან რაიმე ახალი მოვისმინეთ."

შეხვედრა, პირველმა, დენიელ ნეგრანუ დატოვა. მისი თქმით, მოთამაშეები საკმაოდ კმაყოფილები ჩანდნენ. მის განცხადებას განსხვავებული რეაქციები მოჰყვა შეხვედრაზე მისული მოთამაშეების მხრიდან: "მე არ ვეთანხმები RealKidPoker-ს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ კმაყოფილები ვიყავით" - წერს ტვიტერზე დენი შტერნი. "შეხვედრამ დაძაბულობის გარეშე ჩაიარა, - ეხმაურება ნეგრანუს განცხადებას აიზიკ ჰექსტონი, - მაგრამ მოთამაშეებისთვის არაფერი შეცვლილა უკეთესობისკენ. მე ნამდვილად არ ვარ კმაყოფილი."

როგორც Amaya Inc-ის აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ ბააზოვი ამბობს, 2016 წლის განმავლობაში, 'ამაიასა' და ონლაინ მოთამაშეებს შორის გაცილებით მეტი შეხვედრა იგეგმება, რაც მოლაპარაკებების წარმოებას, მომხმარებლების აზრის მიწოდებას, უკეთეს კომუნიკაციასა და საიტის უკეთეს ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს. 

რუმები

ქართული უცხოური