მსოფლიო პოკერის 2015 წლის მიმოხილვა

2015 წელი, პოკერის სხვადასხვა დაძაბულ სერიებთან ერთად, დასასრულს მიუახლოვდა. ჩვენ გთავაზობთ გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტებს, რომლებიც აზარტულ თამაშებსა და, განსაკუთრებით, პოკერს უკავშირდება. ამ მოვლენებიდან, პოკერის ნებისმიერი მოყვარული, მისთვის მნიშვნელოვან და ნაკლებადმნიშვნელოვან ფაქტს აღმოაჩენს და ამიტომაც, წლის დასამახსოვრებელი მოვლენების ნუმერაცია და იერარქიულად დალაგება, თქვენთვის მოგვინდია. 

წლევანდელ WSOP-ის ცნობილი სახეები ნამდვილად არ აკლდა, მაგრამ განსაკუთრებულ აღნიშვნას სატელევიზიო დრამის, Breaking Bad-ის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, აარონ პოლი, იგივე ჯესი პინკმენი იმსახურებს. რა თქმა უნდა, დიდ ტურნირებზე ჰოლივუდის უამრავი ვარსკვლავი გვინახავს, მათ შორის: ბრედ გარეტი, კევინ პოლაკი, ჯეისონ ალექსანდერი, პოლ პირსი და უამრავი სხვა, მაგრამ ბენ აფლეკის, მეტ დეიმონისა და ტობი მაგუაიერის მსგავსად თამაშში არავინ ყოფილა ასე ჩართული. აარონ პოლის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მეინ ივენთიდან მისი ნაადრევი გამოთიშვის მიუხედავად, წაგება მან ისე მიიღო, როგორც ჭეშმარიტ გემბლერს შეეფერება. ლეგენდარული სერიალის ვარსკვლავმა ფლოპზე სეტი მიიღო, რომელიც ფლოპზევე დადებული ფლეშის წინააღმდეგ ვერ დათმო და საბოლოოდ ოლ ინს დათანხმდა. 'ჯესი პინკმენმა' შემდგომ სტრიტებზე გაძლიერება ვერ შეძლო და WSOP-ის მეინ ივენთს ნაადრევად ჩამოშორდა. 

ასაკის მიუხედავად, ადრიან მატეოსი, ესპანეთში, უკვე ლეგენდარულ მოთამაშედ ითვლება. მისი კარიერული მოგება, მხოლოდ კარლოს მორტენსენისას ჩამორჩება. 21 წლის ესპანელს მოგებული აქვს Estrellas Poker Tour-ის მეინ ივენთი (€103.053), WSOPE მეინ ივენთი (€1 მილიონი ევრო), EPT-ის ორი საიდ ივენთი და EPT Grand Final (€1.082.000). ეს ჩამონათვალი 2 ისეთ ტურნირს შეიცავს, რომლის მოგებაზეც ნებისმიერ პროფესიონალი თუ მოყვარული მოთამაშე ოცნებობს. გარდა ამისა, მატეოსის ანგარშიზე EPT Prague-ის €25.000 ევროიან ჰაი როლერის მეოთხე ადგილი ირიცხება. ის მხოლოდ 21 წლისაა!

პოკერი რომ სულ უფრო ახალგაზრდავდება ფაქტია - დიდი ტურნირების გამარჯვებულებისა და ფინალური მაგიდების მონაწილეთა ასაკი სულ უფრო და უფრო მცირდება. მაგრამ 2015 წელს თავი ძველმა კავალერიამაც გამოიჩინა: WSOP-ის მეინ ივენთის ფინალური მაგიდა 72 წლის პიერ ნუვილმა და 61 წლის ნილ ბლუმენფილდმა ითამაშეს. მაგრამ მონაწილეობა ვერასდროს მიუახლოვდება გამარჯვებას! აქ უკვე მძიმე არტილერიაა საჭირო: ფილ ჰელმუტი, ერიკ საიდელი და ჯონ ჯუანდა. 2015 წელს, ფილ ჰელმუტმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და WSOP-ის მე-14 ოქროს სამაჯური მოიგო. "მე ისტორიაში შევალ, როგორც ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე" - თავმდაბლობა არასდროს ყოფილა ჰელმუტის სისუსტე, თუმცა მას ამის ყველანაირი უფლება აქვს. PokerBrat-ის 14 ოქროს სამაჯურიდან 12 მათგანი ჰოლდემს ეკუთვნის, 2 კი - სევენ ქარდ რაზს. ჰელმუტი ერთადერთი მოთამაშეა, რომელსაც დედამიწის ორივე ნახევარსფეროში WSOP-ის მეინ ივენთის სამაჯური აქვს მოგებული - ერთი 1989 წლის WSOP მეინ ივენთზე, ხოლო მეორე - 2012 წლის WSOPE მეინ ივენთზე. ერთწლიანი პაუზის შემდეგ, პოკერის მსოფლიო საზოგადოებას, ჯონ ჯუანდამაც შეახსენა თავი. 44 წლის ლეგენდარულმა მოთამაშემ EPT Barcelona მეინ ივენთი მოიგო, €1.022.593 ევროთი პირველი ადგილისთვის. ერიკ საიდელმა კი, 2015 წლის სატურნირო სეზონზე, 'სულ რაღაც' $5 მილიონი დოლარის პლუსი აჩვენა. "მე აზრადაც არ მომდის, რომ პოკერის თამაში ვიცი" - ფილ ჰელმუტისგან განსხვავებით, WSOP-ის 8 სამაჯურის მფლობელისთვის, თავმდაბლობა უცხო ნამდვილად არ არის. 

2015 წელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ პოკერ-რუმების, დიდი ტურნირების ორგანიზატორებისა და კაზინოების მთავარი ორიენტირი ახალი, დამწყები და მოყვარული მოთამაშეების მოზიდვა იყო. ამის ნათელი მაგალითია WSOP-ის მეინ ივენთზე საპრიზო ფონდის პირველ 1.000 მოთამაშეზე გადანაწილება, WSOP-ის, WPT-ის, EPT-ისა და PCA-ის შემცირებული ბაი-ინები, რომელიც უფრო მეტ ადამიანს მისცემს დიდ ტურნირებზე თამაშის გამოცდილების შეძენის საშუალებას. 'პოკერსტარსმა' ამ მიმართულებით უდიდესი ნაბიჯები გადადგა, რომელსაც პროფესიონალი და მაღალი ლიმიტის მოთამაშეებისგან რუმის ბოიკოტირებაც კი მოჰყვა. უდიდესი ონლაინ ოპერატორის გადაწყვეტილებით, მისი სოფტის VIP სისტემამ ძირეული ცვლილებები განიცადა, რის მიხედვითაც იმ ბენეფიტებს, რომლებსაც მაღალი ლიმიტის მოთამაშეები ღებულობდნენ, ამიერიდან მიკრო ლიმიტების რეგულარებზე გადანაწილდება. გარდა ამისა, 'პოკერსტარსმა' კონტრაქტი გააფორმა კრიშტიანო რონალდოსა და ბარსელონას ამომავალ ვარსკვლავ, ბრაზილიელ ნეიმართან. ამ ნაბიჯით, პოკერ-რუმი ცდილობს თამაში იმ კულტურაში შეიტანოს, რომელსაც აზარტულ სამაგიდო თამაშებთან შეხება არასდროს ჰქონია. გარდა ამისა, ამერიკის რამდენიმე შტატმა ონლაინ პოკერის ლეგალიზება მოახდინა, რაც პოკერ-რუმებს კიდევ უფრო დიდ გასაქანს და თამაშს ახალ სულისკვეთებას მისცემს.

2015 წელს, Poker Hall of Fame-ში ლეგენდარული ჯენიფერ ჰერმანი და ჯონ ჯუანდა შეიყვანეს. ჯუანდას შესახებ უკვე ვისაუბრეთ. ჯენიფერ ჰერმანი კი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ქეშ გეიმერად ითვლება. მას ისეთ ლიმიტებზე უთამაშია, რომლის სმოლ ბლაინდი ბევრი ტურნირის საპრიზო ფონდს აღემატება. მისი კარიერა WSOP-ის 2 სამაჯურსა და $2.7 მილიონ დოლარამდე სატურნირო მოგებას ითვლის. თუმცა, ტურნირები არასდროს ყოფილა ჰერმანის სტიქია. ის უმაღლესი ლიმიტების ქეშ გეიმერია, რომელსაც მილიონობით დოლარი აქვს მოგებული. სამწუხაროდ, ქეშ გეიმებზე მიღებულ შემოსავალსა და დანაკარგს არცერთი ორგანიზაცია არ აღრიცხავს, ამიტომაც ზუსტი ციფრები უცნობია. 

როგორც მეცნიერები ამბობენ, ინფორმაციულად ისეთი სიმცირის მქონე თამაშშიც კი, როგორიც ტეხასური ჰოლდემია, ხელოვნურ ინტელექტს მალე გაუჩნდება რეალური შანსები ადამიანის წინააღმდეგ. რასაც არ უნდა გვიმზადებდეს მომავალი, 2015 წლისთვის ადამიანი მანქანას უგებს! მასაჩუსეტის უნივერსიტეტში, დღევანდელობისთვის საუკეთესო ხელოვნური ინტელექტი შეიქმნა, რომელსაც მილიონობით სხვადასხვა სიტუაციის ანალიზი შეუძლია, თუმცა მას არ აქვს ადამიანისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისუსტე, რომელიც პერიოდულად უპირატესობად იქცევა - ემოცია. მეცნიერების მიერ შექმნილი მანქანა Claudico, მსოფლიოს საუკეთესო ჰედს-აპ მოთამაშეებს - დაგ პოლკს, ბიორნ ლის, დონ კიმსა და ჯეისონ ლესს დაუპირისპირდა. შეიძლება ითქვას, რომ პოკერის პროფესიონალებმა 80.000 დარიგებაში მანქანა გაანადგურეს. 

პოკერის გაზრდისა და ახალი მოთამაშეების მოზიდვის შესახებ უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ ამ საქმეში, 2015 წელს, ყველაზე დიდი წვლილი ჯეისონ სომერვილმა და ჯეიმი სტეპლსმა შეიტანეს, რომლებიც საკუთარი თამაშის ტრანსლირებას Twitch-ის დახმარებით ახერხებდნენ. ამჟამად, ორივე მათგანი Team PokerStars Pro-ს წევრია. ონლაინ გრაინდერებს უამრავმა მოყვარულმა და პროფესიონალმა მოთამაშემ მიბაძა, მათ შორის დენიელ ნეგრანუმ. Twitch-ის მეშვეობით, პოკერის მოყვარულებს, საშუალება ეძლევათ რამდენიმე წუთის დაგვიანებით, რეალურ დროში უყურონ ჰაი სტეიკს გრაინდერებისა და ლეგენდარული მოთამაშეების ონლაინ თამაშს. დამწყებებისთვის ყოველთვის არსებობდა რამდენიმე რჩევა: თუ გინდა ისწავლო პოკერი, იკითხე წიგნები, უყურე სემინარებს პოკერის შესახებ, ისწავლე პოკერის მათემატიკა, ითამაშე რაც შეიძლება მეტი. ამ ყველაფერს კიდევ ერთი პუნქტი დაემატა - უყურე ცნობილი მოთამაშეების ლაივ სტრიმებს! პოკერი სულ უფრო ვითარდება, ახალგაზრდავდება და რთულდება. ამ ყველაფრის დასაძლევად კი, თამაშის მოყვარულები ნებისმიერ ხერხს მიმართავენ, მათ შორის აქამდე წარმოუდგენელსაც. 

რუმები

ქართული უცხოური