კენტუკის შტატი 'პოკერსტარსისგან' $1 მილიარდი დოლარის გადახდას მოითხოვს
კენტუკის შტატის პროკურატურა, Amaya Inc.-ის წინააღმდეგ საქმეს აწარმოებს, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, 'პოკერსტარსისა' და 'ფულტილტის' მფლობელ კომპანიას, კენტუკის მთავრობისთვის, $870 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა მოუწევს.
სასამართლოში წლების წინ შესული სარჩელი, რომელიც PokerStars-ისგან და PartyPoker-ისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს, შტატის მე-18 საუკუნის კანონმდებლობას ეყრდნობა. Bwin-მა, რომელიც 'ფართიპოკერის' მფლობელი კომპანიაა, 2013 წელს დააკმაყოფილა მოთხოვნა და $15 მილიონი დოლარის ოდენობით დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა. როგორც ამბობენ, კომპანიის ეს გადაწყვეტილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ Bwin.party ნიუ ჯერსის სათამაშო ბაზარზე შედიოდა და დამატებითი გართულებები და პრობლემები არ სჭირდებოდა. უნდა ითქვას, რომ 2015 წლის სექტემბერში მიღებული გადაწყვეტილებით, ნიუ ჯერსის შტატში, 'პოკერსტარსისა' და 'ფულტილტის' შეყვანას, Amaya Inc.-იც გეგმავს.
ცოტა ხნის წინ, მოსამართლე ტომას ვინგეიტმა, პროკურორ უილიამ ჰარტის მოთხოვნა დააკმაყოფილა და კომპანიას $290 მილიონი დოლარის გადახდა დაავალა. კენტუკის შტატის კანონმდებლობის გათვალისწინებით კი, პროკურორი, დაკისრებული ვალდებულების სამმაგ ანაზღაურებას მოითხოვს, რაც $870 მილიონ დოლარს შეადგენს. როგორც ჩანს, საქმის დასრულება კიდევ კარგა ხანს არ მოხერხდება. Amaya-ს განცხადებით, 2006-2011 წლებში, 'პოკერსტარსმა' შტატის ბიუჯეტში $18 მილიონი დოლარი შეიტანა. 'პოკერსტარსის' მფლობელი კომპანია იმასაც აცხადებს, რომ ილინოისის შტატის სასამართლომ იგივე სარჩელზე უარყოფითი დასავკნა გამოიტანა. როგორც Amaya-ს ხელმძღვანელობა ამბობს, თუ სასამართლო მაინც გადაწყვეტს უილიამ ჰარტის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, კომპანია იძულებული იქნება ფინანსური ანაზღაურების ვალდებულება 'პოკერსტარსის' ძველ მფლობელებს დაავალოს, რადგან სასამართლო სწორედ იმ პერიოდის საქმეს განიხილავს.
პოკერის მოთამაშეთა ალიანსის (PPA) იურისტის განცხადებით კი, თუ სასამართლო Amaya-ს წინააღმდეგ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მიიღებს, კენტუკის შტატის ბიუჯეტის ნაცვლად, ზარალი იმ მოთამაშეებს უნდა აუნაზღაურდეთ, რომლებიც 2006-2011 წლებში 'პოკერსტარსის' დეპოზიტორებს წარმოადგენდნენ. ამ არგუმენტს კატეგორიულად ეწინააღმდეგება უილიამ ჰარტი, რომელიც ამბობს, რომ PPA 'პოკერსტარსისგან' ფინანსდება და ამ განცხადებით კომპანია ზარალის სამმაგი ანაზღაურებისგან თავის დაღწევას ცდილობს.
"ჩვენ არასდროს ვფინანსდებოდით 'პოკერსტარსისგან', - ამბობს PPA-ის იურისტი დონ კოქსი, - პროკურორს ასეთი განცხადების გაკეთებისთვის არანაირი საფუძველი არ აქვს. გარდა ამისა, კენტუკის შტატის კანონმდებლობით, საქმეში ჩართვა, თავად დაზარალებულ მოთამაშეებსაც შეუძლიათ." სათამაშო ინდუსტრიის ექსპერტები თვლიან, რომ საქმე კიდევ უფრო გართულდება და მისი დასრულება საკმაოდ გრძელ ვადებს მოითხოვს.





