ანტონიო ესფანდიარი Reddit-ის რუბრიკაში AskMeAnything
23 ნოემბერს, ანტონიო ესფანდიარი, ონლაინ პორტალ Reddit-ის AskMeAnything-ში იყო მიწვეული. იმ პერიოდში უამრავი ინგლისურენოვანი გამოცემა შემდეგნაირად ეხმაურებოდა 'ჯადოქარი' ესფანდიარის ინტერვიუს: "ანტონიო ესფანდიარიმ დაამტკიცა, რომ ის მართლაც საუკეთესო ილუზიონისტია - მან ყველა კითხვას ისე უპასუხა, რომ ვერცერთ მათგანზე პასუხი ვერ მივიღეთ!" ბევრი ხუმრობით იმასაც კი ამბობდა, რომ Reddit-ის წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანდნენ სარჩელს, არასწორი და დეზინფორმაციული სათაურის გამო.
დაუსვით პოკერის ნებისმიერ მოყვარულს კითხვა: ცნობილი მოთამაშეებიდან, ვისი თამაშია ყველაზე კარგი და სახალისო სანახავი? და ისინი ნეგრანუსთან, ჰელმუტთან და სხვა რამდენიმესთან ერთად, აუცილებლად ესფანდიარის დაასახელებენ. თუმცა AskMeAnything-ის ეს გამოშვება, ერთ-ერთი ყველაზე უინტერესო და არაფრისმომცემი აღმოჩნდა. გადაცემის მსვლელობის დროს, პოკერის ფანებმა, 369 შეკითხვა დასვეს, საიდანაც, მოწვეულმა სტუმარმა, 69 მათგანზე მაქსიმალურად მოკლე პასუხი გასცა. მან ძალიან ლაკონურად წარადგინა საკუთარი პიროვნება, თავი აარიდა ყველაზე სკანდალურ და საინტერესო კითხვებს და ნათლად აჩვენა თუ როგორი არ უნდა იყოს ინტერვიუ. გადაცემის შესაჯამებლად 369-ე კითხვა გამოდგება: კითხვა, თუ რატომ არ გასცა ესფანდიარიმ არცერთ შეკითხვას პასუხი, გადაცემის სტუმარმა უპასუხოდ დატოვა.
რას ნიშნავს უპასუხო შეკითხვა? მაგალითისთვის: შენი ყველაზე გიჟური თავგადასავალი ლას ვეგასში? - ვეგასში ყოფნის დროს, განსაკუთრებით ჩემს 20-იან წლებში, უამრავი სიგიჟე მაქვს გაკეთებული. უცოლო ახალგაზრდა კაცისთვის, ვეგასი, ნამდვილად ის ადგილია, რაც მთელი ცხოვრების მოგონებად ეყოფა.
როგორც ინტერვიუს დროს, ესფანდიარიმ თქვა, ის Twitch-ის არხის გაკეთებას არ აპირებს. საუკეთესო ქალაქი, რომელიც უნახავს, სტამბულია - "ეს არაჩვეულებრივი ადგილია, ზრდილობიანი ხალხით, უგემრიელესი სამზარეულოთი და საოცარი ხედებით." მისი ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი დარიგება, One Drop-ზე, გი ლალიბერტეს QQ-ის წინააღმდეგ ნათამაშები ხელი იყო, როცა ესფანდიარის AK ჰყავდა - "თერნზე ამოსულმა K-მ ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა, და არამხოლოდ ფინანსური და მატერიალური კუთხით." მისი აზრით, ყველაზე ფეთქებადი მოთამაშე - ფილ ჰელმუტი, ყველაზე რთული ოპონენტი - ბრაიან რასტი და ყველაზე დასაფასებელი - ფილ გალფონდი არიან. ყველაზე რთული მაგიდა, რომელზეც მას უთამაშია, One Drop-ის პირველი ლეველი იყო, სადაც მასთან ერთად ფილ აივი, ერიკ საიდელი, ბენ ლემი და ნიკ შულმანი ისხდნენ.
როცა ჟურნალისტი ონლაინ პოკერს შეეხო, ესფანდიარიმ მოკლედ მოუჭრა - "ონლაინ არ ვთამაშობ, იქ უბრალოდ 'ფიში' ვარ." როგორც გაირკვა, Magician-ს ჰოლივუდის ვარსკვლავთან, დონ ჩიდლთან ჰქონია სანაძლეო წაგებული, რის გამოც ის ვალდებულია, საკუთარ სახლში, სრული ილუზიონისტური წარმოდგენა გამართოს, შესაბამისი ქუდითა და ჩაცმულობით. მისი აზრით, საუკეთესო ჰოლივუდელი მოთამაშე, ტობი მაგუაიერია. 9 კაციან სიტ'ენ'გოუს კი შემდეგ ადამიანებთან ითამაშებდა: ბილ კლინტონი, ემინემი, ბარაკ ობამა, უილიამ რენქვისტი, სემ ჰარისი, ბილ პერკინსი, კლივ ოუენი და ანჯელინა ჯოლი.